საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაპირსამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად 2 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერები გამოცხადდა ქ. ჩოხატაურში, გურამიშვილის ქ. (სტადიონთან), მდინარე სუფსის ნაპირაღდგენით, ნაპირსამაგრ სამუშაოებზე (ორივე ნაპირი) და ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ზენდიდში, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა ნაპირსამაგრ სამუშაოებზე.
მდინარე სუფსის ავარიული უბანი მდებარეობს ქალაქ ჩოხატაურის ტერიტორიაზე, გურამიშვილის ქუჩისა და ქალაქის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიებზე, მდინარე სუფსის ორივე ნაპირზე. მდინარე სუფსის კალაპოტში წარმოქნილია აკუმულიაციური უბნები, რის გამოც მდინარის ორივე ნაპირზე გავითარებულია გვერდითი ეროზიული პროცესები, რაც საფრთხეს უქმნის მდინარის მარჯვენა ნაპირზე არსებულ საავტომობილო გზას და სტადიონს. ასევე, მდინარის მარცხენა ნაპირზე საფრთხე ემუქრება საერთო საცხოვრებელ კორპუსს, საცხოვრებელ სახლებს და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად განხორციელდება მდინარის კალაპოტის კორექტირება და აკუმულირებული ნაშალი მასალისგან კალაპოტის გაწმენდა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე მოეწყობა დამცავი ბეტონის კედლი, ხოლო მარცხენა სანაპირო ზოლი გამაგრდება ქვის ნაყარი ბერმით. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 541 070 ლარს შეადგენს.
მდინარე აჭარისწყლის ავარიული უბანი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზენდიდში მდებარეობს. ჭარბი ატმოსფერული ნალექების დროს მდინარეს ახასიათებს უეცარი წყალმოვარდნები და ღვარცოფული მოვლენები, რის გამოც მდინარე აჭარისწყლის ნაპირზე განვითარებულია ეროზიული პროცესები. წყალდიდობის დროს მდინარის გვერდითი ნაპირები ირეცხება, რაც საფრთხეს უქმნის სოფელს. არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად მოეწყობა რკინაბეტონის ნაპირსამაგრი კედელი, რომლის სიგრძე 335 მეტრია. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 016 403 ლარს შეადგენს.
შესყიდვის ბმულები:
ქ. ჩოხატაურში, გურამიშვილის ქ. (სტადიონთან), მდინარე სუფსის ნაპირსამაგრი სამუშაოები - http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=702316&lang=ge
ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ზენდიდში, მდინარე აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები - http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=702263&lang=ge








