გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მეორედ გაქურდეს. 
ინფორმაციას ადგილობრივი, უჩა ქემაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ახალგაზრდას ინფორმაციით, დილით ტაძარში მისულს კარი და შიდა ინფრასტრუქტურა დაზიანებული დახვდა. მისი განმარტებით, დაზიანებულია შესაწირი ყუთიც.

"მოვედი ტაძარში და კარის საკეტი დაზიანებული დამხვდა. დაზიანებულია ასევე შესაწირი ყუთი და გადმოგდებულია ჯვარი. მაშინვე გამოვუძახე პოლიციას. გარდა ამისა, დაზიანებულია ასევე, ეკლესიის ეზოში მდებარე პატარა ტაძარში განთავსებული შესაწირი ყუთი. ეს მეორე შემთხვევაა და რეაგირება ამ დრომდე არ მოყოლია, არც გამოძიებაზე გაგვიგია რამე. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ხატები დარბეული არ არის, მხოლოდ შესაწირი ყუთებია დაზიანებული”,- ამბობს უჩა ქემაშვილი ვიდეოში, რომელსაც შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.