ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად მოწყობილი სკვერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.
„მოხარული ვარ, რომ დმანისს კიდევ ერთი გამართული ინფრასტრუქტურის მქონე რეაკრეაციული სივრცე შეემატა. მსგავსი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, რადგან ის ხელს უწყობს მოსახლეობისათვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“- აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრისას გიორგი დოხტურიშვილმა.
სკვერის მოწყობის სამუშაოები დაფინანსდა როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან და მისმა სრულმა ღირებულებამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. „2023 წელი დმანისის მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. ასეთი ტიპის სკვერი, რომელიც გაკეთდა სოფელ ბოსლებთან დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში“- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში:მოეწყო რეკრეაციული და საბავშვო სივრცეები;გაკეთდა ბილიკები, ასევე დამონტაჟდა ტრენაჟორები და საქანელა სკამები;მოეწყო წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის სისტემა;სივრცე ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. „მისასალმებელია, რომ დმანისს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. პროექტის ფარგლებში მოწყობილია გასართობი და სავარჯიშო სივრცეები როგორც მოზარდებისთვის, ისე ბავშვებისთვის. ჩემთვის პრიორიტეტულია, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრობდეს“ - კობა მურადაშვილი. ახალი რეკრეაციული სივრცე სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილესთან, ილია ჯალაღანიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.