მცხეთაში სასპორტო სკოლის 2023 წლის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა, - ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კერძოდ, სპორტული წარმატებებისათვის მცხეთის სასპორტო სკოლის მაღალი შედეგების მქონე სხვადასხვა სახეობის სპორტსმენები და მწვრთნელები საქართველოს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილე გიორგი ბაჯაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვახაძემ დააჯილდოვეს. პირველმა პირებმა მადლობა გადაუხადეს სპორტსმენებს მიღწეული შედეგებისთვის და შემდგომ ასპარეზობებში წარმატებები უსურვეს.
მცხეთის სხვადასხვა სახეობის სასპორტო სკოლაში შექმნილმა დროებითმა სამუშაო კომისიამ, 2023 წლის შედეგების მიხედვით გამოავლინა 10 წარმატებული სპორტსმენი და 10 მწვრთნელი, რომლებიც დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. სასპორტო სკოლის 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა ავთანდილ ფირანიშვილი (ველოსპორტი), საუკეთესო მწვრთნელად - ივანე რთველიაშვილი (ველოსპორტი). ღონისძიება მცხეთის სხვადასხვა სახეობის სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.