საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სოფლებში, სადაც კოვიდ-19-ის ვაქცინით მოცვა შედარებით დაბალია, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად იმართება. დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურის მოსახლეობას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. ნინო ნიჟარაძე ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
სოფლად ვაქცინაციის კამპანია რეგიონებში მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის იმუნიზაციას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოქმედებს ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარს, ხოლო დამატებით ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს.