ორდღიანი სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია საერთაშორისოდ აღიარებული სპიკერების პრეზენტაციები ხელოვნურ ინტელექტზე, ინვესტიციებსა და სტარტაპების განვითარებაზე.
pდაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიზიარონ საერთაშორისო ექსპერტების, სილიკონ ველისა და საერთაშორისო ტექ-ლიდერების გამოცდილება, ასევე დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები.
სტარტაპების მსოფლიო თასის (Startup World Cup) რეგიონული კონკურსი კი, რჩეულ ქართულ სტარტაპებს შორის იმართება და მისი მიზანი გამარჯვებულის გამოვლენაა, რომელიც მთავარი პრიზისთვის ბრძოლას სან-ფრანცისკოში განაგრძობს. სტარტაპების ყველაზე მასშტაბური შეჯიბრების - სტარტაპების მსოფლიო თასის საპრიზო ფონდი 1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ფინალურ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტი რეგიონული შეჯიბრი იმართება.
ბათუმის მერია ღონისძიების პარტნიორია მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) მეორე ფაზაში მიმდინარე საგრანტო პროექტის, მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელი - „ბათუმი ახალი სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში“ ფარგლებში, რომლის მხარდაჭერითაც სტარტაპების მსოფლიო თასის ეროვნული კონკურსი, წელს უკვე რეგიონული კონკურსი, ბათუმში უკვე მესამედ ტარდება.
სამიტის გახსნას ბათუმის მერი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, Startup Grind-ის აღმასრულებელი დირექტორი კოლინ დონოჰიუ, ბათუმის ტექნიკური პარკის მენეჯერი, UNDP-ის პროექტის მენეჯერი, საერთაშორისო ექსპერტები და ინვესტორები ესწრებოდნენ.
სამიტის მიზანია საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა.