ბანერებზე განთავსებული სიტყვებით აქტივისტები პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ახასიათებდნენ. დაკავებულების ოჯახის წევრები და მეგობრები აცხადებენ, რომ პოლიციას პლაკატების შინაარსი არ მოეწონა.
ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა, მათ შორის ორი-გიორგი დუმბაძე და ლუკა ნაცვლიშვილი არასრულწლოვნები არიან. გიორგი დუმბაძის მამა, ნოდარ დუმბაძე, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა. დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ლევან გორგილაძე, აქტივისტი თაზო მახარაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მირდატ ქამადაძე.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პოლიციამ ახალგაზრდებს წაართვა პლაკატები, რომელზდაც ეწერა „ირაყლი“, რის შემდეგაც ისინი დააკავა.
დაკავებულების ახლობლების განცხადებით, ამ დროისთვის არ აქვთ ინფორმაცია, სად გადაიყვანა პოლიციამ აქციის მონაწილეები.