ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ადამიანებთან თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, დამატებითი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში. ნაწილი წლის დასაწყისში ამოქმედდა, ნაწილი კი 30 ოქტომბერს დააზუსტა ბათუმის საკრებულომ.
კერძოდ შინაური ცხოველების გადაადგილების, მოვლა პატრონობისა და მიუსაფარი ცხოველების მიკედლების საკითხთან დაკავშირებით გამკაცრდა რეგულაციები. ცვლილებები შეეხო შინაური ცხოველების შემგროვებლობასა და მათი გამრავლების წესების დაცვასაც; აღნიშნული წესების აღსრულებას, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, შესაბამის სამსახურებთან ერთობლივად უზრუნველყოფს.
ძაღლის გასეირნება საბელის ან ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო მომეტებული რისკის ჯგუფის შემთხვევაში ორივე სავალდებულოა - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. დაბინძურების შემთხვევაში ვალდებულია დაასუფთაოს საზოგადოებრივი სივრცე;
ცხოველის მეპატრონეს ეკრძალება საკუთრებაში ერთდროულად 5-ზე მეტი ცხოველის ყოლა, (გარდა მათი ნაშიერებისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს). აიკრძალა არასამკურნალო მიზნით ცხოველებისთვის: ყურების მოჭრა; კუდის მოჭრა; ეშვებისა და ბრჭყალების ამოჭრა; სმენის დაქვეითება; ხმის იოგების გადაჭრა. აგრეთვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში სპეციალური დაცვის საშუალებების გარეშე გადაადგილება და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საავადმყოფოში მათი შეყვანა.
ცხოველის მეპატრონე შეიძლება გახდეს პირი, რომელმაც მიაღწია 16 წლის ასაკს და არ აქვს ნასამართლობა. იგი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის რეგისტრაცია, ვეტერინარული შემოწმება, ანტირაბიული ვაქცინაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია, გასეირნება უსაფრთხოების წესების დაცვით.
აგრეთვე ნებისმიერ პირს უფლება აქვს უპატრონო ცხოველი მიიკედლოს შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე, რაც დასაშვებია მხოლოდ სტერილიზაცია/კასტრაციის შემდეგ. ვალდებულია უზრუნველყოს მისი გამოკვება და ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. აგრეთვე მკაცრად გაკონტროლდება ცხოველის მიტოვების საკითხი.
დღეს კიდევ ერთხელ განხორციელდა ბულვარის ტერიტორიაზე ცხოველების მეპატრონეებისთვის ახალი რეგულაციების გაცნობა და მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ღონისძიებები გატარდა.










