რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შესრულდა და მისმა ღირებულებამ 10.2 მილიონი ლარი შეადგინა.
ცენტრალური პარკის დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. რეკრეაციულ პარკში შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს გახდის პარკში დროის გატარებას, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ისე დაბის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის.
პარკის ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.
გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა ბაკურიანში 150 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს.
ასევე, დასრულების ეტაპზეა პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე პროექტები, რომლის სამუშაოები, მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულებილია ბორჯომის, 9 აპრილის, თავისუფლების, მთის, რუსთაველის, აღმაშენებლის ქუჩებზე. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და გარე განათების სისტემა. დასკვნით ფაზაშია მეორე ეტაპით დაგეგმილი სახლების რეაბილიტაცია 9 აპრილის, ბორჯომის, თავისუფლების და აღმაშენებლის ქუჩებზე.
დაბა ბაკურიანში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები კურორტს უფრო მეტად კომფორტულს გახდის ვიზიტორებისა და სტუმრებისთვის წელიწადის ოთხივე სეზონზე.
პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“ და ბაღის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 20.2 მილიონი ლარია.