ამ ეტაპზე ქალაქ ბაღდათში მიმდინარეობს მოკვლევით სამუშაოები და რელიეფის შესწავლა. აქტიური სამუშაოები კი მარტის ბოლოდან განხორციელდება.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან და სამშენებლო ორგანიზაცია ამხანაგობა "ჯეითუნი და სმკ"- ს თანამშრომლებთან ერთად, ქალაქ ბაღდათის იმ მოსახლეობას შეხვდნენ, რომელთა კერძო საკუთრებას წყალმომარაგების და წყალარინების სამშენებლო სამუშაოები ესაზღვრება.

შეხვედრაზე  მოსახლეობას მერმა და  სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები 

„ კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება გარემოსა და ტურიზმის გაუმჯობესების მიზნით“ ასე ქვია  პროექტს, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული  წყალმომარაგების კომპანია,  საქართველოს მთავრობის და გერმანიის განვითარების ბანკის KFW  მხარდაჭერით ახორციელებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქალაქ ბაღდათის და  მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის  კაპიტალური მშენებლობა განხორციელდება.
სამუშაოები ითვალისწინებს რუდულის და საირმის სათავეების რეაბილიტაციას, გოთიეთში  ახალი სათავის მშენებლობას, მაგისტრალის, მილსადენების  და მრიცხველების შეცვლას,  ახალი მილების მოწყობას, წყალარინების ქსელის კოლექტორის მშენებლობას, მთავარი და მიკრო სატუმბი სადგურის მშენებლობას,  თვითმდენი საკანალიზაციო ქსელის  და არხების მოწყობას, ბეტონის არხების მშენებლობას. 
მშენებლობისას დაზიანებული ასფალტისა და ბეტონის საფარის აღდგენას.
შესრულებული სამუშაოები აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ რეგულაციებს.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული  თურქული ორგანიზაცია ამხანაგობა „ჯეითუნი სმკ“ განახორციელებს. სამუშაოების ვადა 730 დღით განისაზღვრა და მისი ჯამური ღირებულება 25.943 , 404.16 ევროს შეადგენს.