ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი ქალაქ ახალციხეში სამედიცინო აქციის მიმდინარეობას გაეცნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მრავალპროფილური უფასო სამედიცინო გამოკვლევების ფარგლებში, კლინიკა „იმედში“ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული კვლევები, სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან კი სამედიცინო კონსულტაციები მიეღოთ.
უფასო სამედიცინო აქციაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკის, გაგუას კლინიკის, „გიდმედისა“ და „კარაპს მედლაინის“ მაღალკვალიფიციური აკადემიური და სამედიცინო პერსონალი მონაწილეობდა.
სამედიცინო აქცია საქართველოს პარლამენტის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ მხარდაჭერით ჩატარდა.
მსგავსი სახის სამედიცინო აქციები ახალციხის მუნიციპალიტეტში პერიოდულად ტარდება და მომავალშიც გაგრძელდება.
უფასო აქციას ასევე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები სერგი მუშკუდიანი და ვახტანგ მერაბიშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ პრეზიდენტი ქეთი ბარათელი, სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინა კაპანაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.









