„აიპრესზე“ გასული რეპორტაჟის შემდეგ 80 წლის ფოთელ მასწავლებელს კომპანია EY-მ ოცნება აუსრულა (ვიდეო)

1620307247
„აიპრესის“ რესპოდენტს, ფოთის თეოფანე დავითაის სახელობის №1 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგს ნატრული ტაბიძეს, ოცნება აუხდა. მან ორი წლის წინ, ჩვენთან ინრტევიუში განაცხადა, რომ მისი სანუკვარი ოცნებაა, თინა ჭოჭუას სახელობის ქიმიის ლაბორატორიის განახლება.
როგორც მან აღნიშნა, რესტავრაცია, ლაბორატორიაში არსებული სხვადასხვა სახის ასობით თვითნაკეთ და ქარხნული წარმოების ხელსაწყოების, უფრო ესთეტიკურად წარმოჩენას შეუწყობს ხელს.
ღვაწლმოსლილი პედაგოგით, რომელმაც 2019 წელს განათლების სამინისტროს მიერ, საპენსიო ასაკს მიღწეულ პედაგოგებისთვის დაწესებულ ჯილდოზე უარი თქვა და საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო, გლობალური საკონსულტაციო კომპანია EY დაინტერესდა. მათი ინიციატივით ქიმიის ლაბორატორიის სრული რესტავრაცია განხორციელდა.
"უზომოდ ბედნიერი ვარ დღევანდელი ვიზიტით,ჩვენი კომპანია უკვე რამოდენიმე წელია ტრადიციული საახალწლო საჩუქრების ნაცვად, პარტნიორების დახმარებით საინტერესო პროექტებს აფინანსებს. როდესაც ვნახეთ ქალბატონი ნატრულის ინტერვიუ, სადაც ამბობდა, რომ ასეთი ოცნება ჰქონდა, გადავწყვიტეთ ერთი წლის თანხა დაგვეხარჯა ლაბორატორიის აღდგენაზე. ვადებში ცოტა პანდემიამ შეგვიშალა ხელი, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი კარგი საქმის გაკეთება მოხერხდა", - განაცხადა კომპანია EY-ის ხელმძღვანელმა რუსლან ხოროშვილმა.
ნატრული ტაბიძის თქმით, ამ პროექტმა მას ენერგია გაუომარგა და სიცოცხლე გაუხანგრძლივა.
"საგნობრივი გამოცდების ჩემი შედეგი პირველად თქვენ გააჟღერეთ, თქვენ ხართ დღესაც პირველი, რომელიც ამ გაჟღერების შედეგს გაახმოვანებთ. 2019 წელს აუდიტორულმა ფირმამ დამაფინანსა 5 ათასი დოლარით. ეს იყო თინა ჭოჭუას სახელობის ფოთის პირველი სკოლის ქიმიის ლაბორატორიის განახლება. თითქმის წელიწად ნახევარი მოუნდა პროექტის განხორციელებას. შიცვალა საგამოფენო ოთახის ინვენტარი, აუდიტორიის, ლაბორატორიისა და საპრეპარატო ოთახებიც. უღრმესი მადლობა მინდა გამოვთქვა კომპანია EY-ის მიმართ. მათ მე ამ გადაწყვეტილებით ენერგია შემმატეს. რწმენა, იმედი დამიბრუნეს და სიცოცხლეც გამიხანგრძლივეს", - განაცხადა ნატრული ტაბიძემ.
შეგახსენებთ, "აიპრესზე" რეპორტაჟი 2019 წლის 18 სექტემბერს გავიდა სათაურით, 79 წლის ფოთელმა პედაგოგმა სახელმწიფოს ჯილდოზე უარი თქვა და გამოცდაზე 10 კრედიტი მიიღო