81 წლის ფოთელ პედაგოგს ნატრული ტაბიძეს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა

1625577025
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ნატრული ტაბიძეს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. იგი დაჯილდოვდა საპატიო სიგელითა და სამკერდე ნიშნით, რომელიც ფოთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა ქორქიამ, განახლებულ ქიმიის ლაბორატორიაში გადასცა.
„ქალბატონი ნატრული ტაბიძის მაღალი პროფესიონალიზმი, უსაზღვრო შრომისმოყვარეობა, საქმის სიყვარული და ერთგულება კარგადაა ცნობილი ქალაქის პედაგოგიური საზოგადოებისათვის. იგი ნახევარ საუკუნეზე მეტია გზას უკვალავს მოსწავლეებს ქიმის საინტერესო სამყაროში, ცდილობს სახალისო, კრეატიული აქტივობებით დაეხმაროს მოსწავლეებს რთული საკითხების დაძლევაში, ყოველთვის ღიაა სიახლეების მიმართ, მისი გაკვეთილები ინოვაციურია, ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე.
ახალგაზრდა პედაგოგებისათვის სტიმულია ეს ჯილდო, რადგან სახელმწიფო გამოხატავს მხარდაჭერას , ფინანსურ და მატერიალურ მხარდაწერას პედაგოგის საქმიანობის მიმართ“, - განაცხადა თეოფანე დავითაიას სახელობის №1 საჯარო სკოლის დირექტორმა ნონა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ ღვაწლმოდილმა პედაგოგმა, ნატრული ტაბიძემ 2019 წელს განათლების სამინისტროს მიერ, საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლებისთვის დაწესებულ ჯილდოზე უარი თქვა და საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო.