ზვიად ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილის წერილი იყო ლუსტრაცია, თუ რა მდგომარეობაშია დღეს „ქართული ოცნება - მათ ძალიან უჭირთ

1623311003
"ბიძინა ივანიშვილის წერილი იყო ლუსტრაცია, თუ რა მდგომარეობაშია დღეს „ქართული ოცნება“. ბიძინა ივანიშვილის წერილი ამბობს, რომ მათ ძალიან უჭირთ, 43%-ის აღების ძალიან დაბალი შესაძლებლობა აქვთ".
ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ რიგებში დაწყებულია „ძალიან სერიოზული გადინების პროცესი“ და ეს ადამიანები ძირითადად გიორგი გახარიას პარტიას ირჩევენ. მისივე თქმით, სწორედ ამით აიხსნება მმართველი ძალის რიტორიკა, რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის შეკრული.
"თქვენ ხედავთ რამხელა ვნებათაღელვა გამოიწვია გიორგი გახარიას პოლიტიკაში გამოჩენამ. პოლიტიკურ სივრცეში არ დარჩა არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას არ გამოხმაურებია და უარყოფითად არ გამოუყვანია. ხელისუფლება გონს არ არის ისეთ განცხადებებს აკეთებენ, ვფიქრობ ბიძინა ივანიშვილის წერილი იყო ლუსტრაცია იმისი, თუ რა მდგომარეობაშია დღეს „ქართული ოცნება“. ბიძინა ივანიშვილის წერილი ამბობს, რომ მათ ძალიან უჭირთ, 43%-ის აღების ძალიან დაბალი შესაძლებლობა აქვთ და გახარია არის „ნაციონალებთან“ შეკრული, ამიტომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა არ უნდა იფიქროს, რომ გახარიას დაუჭიროს მხარი - ეს არის ამ წერილის მთელი არსებობის არსი. ამით კიდევ ერთხელ გამჟღავნდა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა რეალობისგან ძალიან დაშორებულია. ეს წასული კაცის მიერ დაწერილი განცხადება არ არის და ძალიან რომ გაუჭირდათ იმიტომ გააკეთეს ეს.
„ქართული ოცნების“ რიგებში დაწყებულია ძალიან სერიოზული გადინების პროცესი და ისინი ძირითადად გიორგი გახარიას პარტიას ირჩევენ იმისათვის, რომ პოლიტიკური საქმიანობა განაგრძონ. სწორედ ამით აიხსნება მმართველი ძალის დღევანდელი რიტორიკა, რომლებიც ამბობენ, რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულია. გახარია ელექტორალური თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას უქმნის „ქართულ ოცნებას“, მათი ამომრჩევლისთვის ძალიან სწორი ტექსტები აქვს გიორგი გახარიას“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.