დასანქცირების თემა მუდმივად „დამოკლეს მახვილივით“ ივანიშვილის გვარის თავზეა და ახლა უკვე დაიწყო ამის კონკრეტული განხორციელება _ ამის შესახებ "კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა, რითაც უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრების სანქცირებულ პირთა სიის გამოქვეყნებას გამოეხმაურა.
„ფაქტია, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრები შედიან დასასანქცირებულ პირთა სიაში. ეტყობა ვისზედაც მეტ-ნაკლებად მოიპოვეს მტკიცებულებები ის ადამიანები ჰყავთ შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, დასანქცირების პროცესი, რომელზეც ლაპარაკი ომის შემდეგ დაიწყო, მუდმივად პროგრესირებას განიცდის და რკალი ივანიშვილის ირგვლივ უფრო და უფრო ვიწროვდება და მჭიდროვდება. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ უკრაინამ დაასანქცირა ივანიშვილის ოჯახის წევრები და არა ევროკავშირმა და აშშ-მა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომი მიდის და სისხლისმღვრელი და საშინელი პროცესი ჩვენ თვალწინ ხდება, მთელი დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინას და რა თქმა უნდა, მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ დადგენილებებს, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი თუ უკრაინის უშიშროების საბჭო გამოსცემს, აუცილებლად ექნება სოლიდარობა დასავლეთის მხრიდან“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.