მიხაელ როთი იყო 27 წელი გერმანიის პოლიტიკაში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე, ჰყავს ძალიან ფართო სანაცნობო და სამეგობრო პოლიტიკურ წრეებში, გვთხოვა, რომ უბრალოდ მასთან შევინარჩუნოთ კომუნიკაცია, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მიხაელ როთი აპირებს, ისევ ინტერესით დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
„მთავარი გზავნილი, რომელიც მიხაელ როთმა ჩამოიტანა, იყო ის, რომ 27 წელი გერმანიის პოლიტიკაში იყო, მათ შორის ძალიან მაღალ თანამდებობებზე. ის იყო ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და აღარ აპირებს გერმანიის პოლიტიკაში აქტიურად დარჩენას. ჩამოვიდა, იმის სათქმელად, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღარ იქნება ჩართული გერმანიის აქტიურ პოლიტიკაში, მას ჰყავს ძალიან ფართო სანაცნობო და სამეგობრო გერმანიის პოლიტიკურ წრეებში. აპირებს, ისევ ინტერესით დააკვირდეს იმას, რა ხდება საქართველოში.
ვიცით, რომ ბოლო წელიწად-ნახევარი აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში, გვიყურებდა და დგამდა კონკრეტულ ნაბიჯებს, აკეთებდა კონკრეტულ განცხადებებს. გვითხრა, რომ შევინარჩუნოთ მასთან კომუნიკაცია, რადგან ისევ აქტიურად იქნება ჩართული ამ ამბებში და თუ შეიძლება, რომ დაგვეხმაროს, ჩართოს თავისი სამეგობრო, სანაცნობო წრე და დააბრუნოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე, ის ამას გააკეთებს, ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. გვთხოვა, რომ უბრალოდ მასთან შევინარჩუნოთ კომუნიკაცია. რაღაც იდეები თუ გვექნება, რაში შეიძლება იყოს ჩართული და გამოგვადგეს, ყველანაირად დაგვეხმარება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები გიორგი ბუტიკაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში დღეს, 13 იანვარს ჩამოვიდა.