თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი უსინათლო და მცირედმხედველი პირებისთვის რამდენიმე მუნიციპალურ ქვეპროგრამას ახორციელებს. მისი თქმით, „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირთა ფინანსური დახმარების“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება წელიწადში 900 ლარს შეადგენს.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ ქვეპროგრამა 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირთა საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დასვენების ვაუჩერულ დაფინანსებას ითვალისწინებს. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსებას, შშმ პირთა სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. მოქმედებს ასევე „უსინათლო პირებისა და მათი გამცილებლების მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის“ პროგრამა. „უსინათლოთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მათი ხელშეწყობა თითოეული ჩვენგანის ვალია. ჩვენ ვიზიარებთ ამ დღის წლევანდელ გზავნილს - „გაუფრთხილდით მხედველობას შრომის პროცესში!“ - და უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანებისთვის საჭირო სერვისების სრული ხელმისაწვდომობისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.