კინზინგერმა, როგორც მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის ელჩი საქართველოში დიდი ხანია აღარ არის და დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, კინზინგერის განცხადება მავნებლობაა.
„იმდენად აბსურდული და უტიფარია ეს განცხადება, რომ თავიდან ფეიკი მეგონა. ვიფიქრე, კინზინგერის მოწინააღმდეგეებმა პირი შეკრეს, რაღაც სისულელე თქვეს და კინზინგერს დააბრალეს. რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. სააკაშვილი და მთელი მისი გუნდი, 2008 წლიდან მოყოლებული, ომის შემდეგ ჯერ ცხედრები არ იყო გაციებული, როდესაც რუსეთთან კულტურული ურთიერთობების აღდგენას და საერთოდ ეკონომიკური სპექტრის განვითარებას ითხოვდა. კინზინგერმა, როგორც მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის ელჩი საქართველოში დიდი ხანია აღარ არის და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტილია. ცოტა დავმშვიდდი, როდესაც ჩავთვალე, რომ ეს უცოდინრობისა და რეალობიდან მოწყვეტის ბრალია და არა შეგნებული მავნებლობა. თუმცა ყველა შემთხვევაში მავნებლობაა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს ასე გამოეხმაურა: „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართულო ოცნებავ“, იცით, ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?“, - წერს ადამ კინზინგერი.