როდესაც პრეზიდენტი ფერიცვალებაზე საუბრობს, თავად დაუსვას საკუთარ თავს კითხვა - ეს ის სალომე ზურაბიშვილია, რომელიც 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტად ავირჩიეთ, თუ სხვა სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ახლა სულ სხვა განცხადებებს აკეთებს,- ასე შეაფასა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ყოველწლიური მოხსენებისას გაკეთებული განცხადებები.
„ცოტა გაუგებარი იყო ის გზავნილები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების მიმართ. როდესაც ფერისცვალებაზე საუბრობს პრეზიდენტი, თავად დაუსვას საკუთარ თავს კითხვა - ეს ის სალომე ზურაბიშვილია, რომელიც 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტად ავირჩიეთ, თუ სხვა სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ახლა სულ სხვა განცხადებებს აკეთებს.
2018 წელს, პირადად მე და „ქართული ოცნების“ ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დავუჭირეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჯობდა გამხდარიყო სალომე ზურაბიშვილი და არა გრიგოლ ვაშაძე. 2018 წელს, ჩვენ სალომე ზურაბიშვილი არ აგვირჩევია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტად, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად და დღემდე ის ითვლებოდა საქართველოს პრეზიდენტად, თუმცა დღეს ოპოზიციამ, როგორც იქნა სალომე ზურაბიშვილი აღიარა როგორც პრეზიდენტი, მაგრამ აღიარეს, როგორც რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტად და არა საქართველოს პრეზიდენტად“, - განაცხადა ბოჟაძემ.