საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. შეხვედრა გაიმართა ელჩებთან როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ვითარებაში, ყველგან იყო ერთი და იმავე გზავნილი, რომ საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროპისთვის საქართველოს მზაობა არის ნათელი და მკაფიო, როგორც პოლიტიკურ, ასევე სექტორული და რეფორმების თვალსაზრისით.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ერთადერთი ელემენტი დარჩა ნატოში ჩვენი მომავალი წევრობის თვალსაზრისით, აუცილებლად იქნება, მაგრამ ამას გარკვეული დრო სჭირდება. მომავალ წელს არის მნიშვნელოვანი სამიტი, რაზეც მკაფიო და სწორ მესიჯებს ვიღებთ, რომ იქ საქართველო უნდა იყოს წარმოდგენილი შესაბამის დონეზე. მათ შორის ერთად უნდა ვიფიქროთ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას წინ პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით ამ მიმართულებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ნატოში ძალიან დროული და აუცილებელი იყო“, -აღნიშნა დოლიძემ.