სამწუხაროდ, ჩვენთან საჯარო სივრციდან ბევრი მიზეზის გამო განიდევნა დისკუსია, როგორც კულტურა და ის ბულინგმა ჩაანაცვლა, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში “გადაწყვეტილება“ სტუმრობისას.

„მედია დისკუსიის პლატფორმა უნდა იყოს, მაგრამ ვინმეს გინდ ეწყონოს, გინდ არა, ინტელექტის ნაკლებობის გამოა თუ სხვა რამის გამო, უკვე დისკუსიის მნიშვნელობა იკარგება. დისკუსია ის ჰგონიათ, რომ უნდა მოიყვანო ორი ან ოთხი ადამიანი და შეაჯიბრო, მკლავს ვინ გადაუწევს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, რეალურად, ისტორიის ანალიზი და ყველაფერი, რასაც სამეცნიერო კვლევითი ჟურნალები და ა.შ. ემსახურებოდა, დიდწილად, „ფეისბუქის“ პოსტებს დააწვა და ეს უკვე ამკვიდრებს თავის კულტურას, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„ფეისბუქი“ ძალიან კარგი ინსტრუმენტია და ერთი წუთით არ მინდა, რამე საწინააღმდეგო ვთქვა, მაგრამ როგორც „ვიკიპედიიდან“ ვერ მიიღებ განათლებას და ეს არის დამატებითი ინსტიტუტი, „ფეისბუქი“ – მითუმეტეს და ეს უკვე ამკვიდრებს თავის კულტურას. მე აქტიურად არ ვმონაწილეობ, უფრო მაყურებელი ვარ, თუმცა, ბუნებრივია, გვაინტერესებს, რა როლს იკავებს „ფეისბუქი“. არ მაქვს კვლევა, საზოგადოების რა პროცენტია ამ პროცესში ჩართული, მაგრამ თუ დააკვირდებით, კვირაში ერთხელ ან ორჯერ ერთი თემა ცვლის ხოლმე მეორეს და ამან აუცილებლად ბულინგის სახე უნდა მიიღოს.

მნიშვნელობა არ აქვს, თემა რაზე იქნება, სპორტზე, ფეხბურთზე, ვიღაც სამსახურიდან წავიდა თუ მოვიდა, იცეკვა თუ რა. ვიღაცას უნდა, საზოგადოება მუდმივად სტრესის ქვეშ და წინაპანიკურ მდგომარეობაში იყოს, რომ თვითონ უკეთეს მდგომარეობაში ჩადგეს და ამაზე გვერდიდან ზემოქმედებს. სხვათა შორის, პანიკა არის ნომერ პირველი მტერი ომშიც და ნებისმიერ თემაში. ჩვენ კი მუდმივად ვიმყოფებით პანიკურ მდგომარეობაში. ზოგჯერ ადამიანებს შემოლაწუნება უნდათ, რომ აქედან გამოიყვანო. ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ორ დღეში ერთხელ რაღაც ისეთი მოვლენა ხდება, რომელიც პირდაპირ მათ არსებობას ემუქრება, სინამდვილეში კი, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეს ვითარება მთლიანად ითრევს ადამიანებს და ვაკვირდები, როგორ იწვევს ეს უკუპროცესს, ჯერ „ფეისბუქზე“ შეიქმნება ტალღა, მერე ეს საზოგადოებაზე გადმოდის და შემდეგ საზოგადოება ერთვება „ფეისბუქზე“. ეს ისეთი აწყობილი მექანიზმია, რომ ვინმე თუ ამით არ სარგებლობს, აუცილებლად ისარგებლებს. თუმცა თანდათან უფრო მეჩვენება, რომ ვიღაც სარგებლობს და ძალიან იოლია საზოგადოების პანიკურ მდგომარეობაში ჩაყენება. ამ ვითარებაში უკვე ჩვენი ლექსიკა და დამოკიდებულება დისკუსია კი აღარ არის, არამედ ნებისმიერი სიტყვა აღიქმება, როგორც მტრული. კანონს იღებენ – ცუდია, გზას აგებენ – ცუდია, გოლი გაიტანა თუ არ გაიტანა – ცუდია და იმ წუთში იწყება პანიკა. ეს არის „ბიჭებო, ბორშჩში მატლებია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.