ევროპის მაუწყებელთა კავშირი, რომლის წევრიც საზოგადოებრივი მაუწყებელია, ამბობს, დაფინანსების ეს სქემა დაანგრევს საზოგადოებრივ მაუწყებელს, აქეთ, ჩვენი რამდენიმე პატივცემული პარლამენტარი ამბობს, პირიქით, მეტი დამოუკიდებლობააო და სიმართლე გითხრათ, გონებაც, გულიც და გამოცდილებაც მეუბნება, რომ ეს ერთი მხარე კატეგორიულად ცდება და მეორე მხარე არის კატეგორიულად მართალი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„აი, ამიტომ მგონია სამსჯელო ეს საკითხი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპაში შეიქმნა და შეიქმნა ისე, რომ ის ყოფილიყო მთავრობისგან დამოუკიდებელი.

„შეიძლება, საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი შეცდომები ჰქონოდა, მაგრამ ეს ნაკლები უბედურებაა. დაფინანსების მოდელი შეიქმნა ისე, რომ მაუწყებელი არ ყოფილიყო სამთავრობო. ეს სამთავრობო, გინდა თუ არა, კატასტროფა კი არ იქნება, თუ კარგი ადამიანი იქნება, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მაგრამ ეს ხომ სხვა მოდელია? ისტორია კარგად ვიცით და შეიძლება, იყოს ავტორიტარული მმართველი, იყოს კეთილგონიერი და ერთდროულად, ათ პარლამენტს აჯობოს რაღაც გარკვეულ ეტაპზე, მაგრამ მთლიანობაში ხომ გრძელ დისტანციაზე დემოკრატია უფრო ამართლებს?! აქაც ამაზეა საუბარი, თორემ შეიძლება, დირექტორმა სამეურვეო საბჭოზე გაცილებით კარგად, სწორად და ეფექტურად შეათანხმოს და თანხაც გამოჰყოს. რა ჯობია, თანხასაც გამოყოფს, ფილმებსაც შეითანხმებს და ზედმეტი ბიუროკრატიაც არ იქნება, მაგრამ ეს გრძელ დისტანციაზე არ ამართლებს და ამიტომ შეიქმნა ეს სქემა. ევროპაში თქვეს, მაინც ასე ჯობიაო“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისი განმარტებით, „დაფინანსების ახალი წესით, რომელიც შემოდის, დეპუტატები ამბობენ, რომ ეკონომია გაიწევა, მაგრამ სინამდვილეში, ასე მარტივად არ არის საქმე“.

„დირექტორი თუ დაუსაბუთებს, მთავრობას ეძლევა სრული თავისუფლება, შეამციროს კი არა, განუსაზღვრელად გაუზარდოს დაფინანსება ისე, რომ შეიძლება, ეს გახდეს ძალიან დიდი და ბევრის მშთანთქავი ტელევიზია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში ყველაზე საშიში ის არის, რომ პასუხის გაცემის სურვილი არ არსებობს.

„დაფინანსების მოცულობაზე შევთანხმდებით, ერთი ქვეყანა ვართ. აქ სიხარბეზე არ არის საუბარი, ხომ?! თუ გვეუბნებით, რომ დამოუკიდებლობისთვის არის, ჩვენ მეტი რა გვინდა, თუ დამოუკიდებელი ვართ, მაგრამ აი, პირადად მე რა მაფრთხობს – ის, რომ სურვილი არ არის პასუხის გაცემის და კანონი მიიღება ამ ფონზე. ყოფილი პარლამენტარი ხომ ვარ და ჩემო მეგობრებო, თუ ყოფილო კოლეგებო, როცა ამ ფონზე მიიღება გადაწყვეტილება, როცა ერთი ამბობს, მე თქვენი არაფერი არ მომწონსო, დანარჩენები კი ამას ხმაურიანი დუმილით ეთანხმებიან. ის დუმილი, რომელიც ამას ეთანხმებოდა ხმაურზე უარესი იყო. ჩვენ ამას მივიღებთ, რადგან არ მოგვწონხართ და განაჩენი გამოტანილია, ეს იყო ძალიან მძიმე. თან მეუბნებიან, დამოუკიდებელი იქნებიო. როგორ ვიქნები დამოუკიდებელი, როცა აქვე სასჯელად შემოგაქვს უკვე ეს საკითხი? ამ ტონით შემოტანილი, კარაქიანი პურისიც შეგეშინდება, შაქარიც რომ მოგიყარონ ზედ. თან, რა, ვინმე მოპასუხე იყო? არავინ არ იყო მოპასუხე, დარბაზში თვითონ ისხდნენ და ამბობდნენ, რეიტინგი არ ვარგა, კონტენტი არ ვარგა, ჰკა მაგასო. იმიტომ კი არა, რომ ამ შეფასებებით ვინმეს გული მოუკვდა, ან არ მოუკვდა? არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც დადებითად თუ შეგაფასა, მტერს, გულიც გაგისკდება. ამ კონტენტის, თუ რეიტინგების შეფასებაში არ შევალ, რადგან ისევ მივალთ გემოვნებასა და უგემოვნობასთან. არ ვამბობ, რომ აქ ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წინ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.