ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, გმობს თბილისის ქუჩებში ძალადობას.
„დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში ვითარებას და ვგმობ თბილისის ქუჩებში ძალადობას. ქართველ ხალხს სურს ევროპული მომავალი მათი ქვეყნისთვის. საქართველო გზაჯვარედინზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება გავრცელდა ევროკომისიის წარმომადგენლობის ვებგვერდზეც: „ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ. საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს. ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობას თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს. ევროპულმა საბჭომ ეს მისწრაფებები რომ აღიარა, დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და დასახა მკაფიო გზა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ. საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“.