სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა, - განუცხადა ჟურნალისტებს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ.
„პოლიტიკური მანიპულაციით ცდილობს, მართლმსაჯულებას თავი აარიდოს. გარკვეული მიზეზშედეგობრივი კავშირის დანახვა ნამდვილად შეიძლება ღარიბაშვილის წერილსა და რადიკალური ოპოზიციის მიერ ამ წერილზე აგებულ დღის წესრიგს შორის. ჩვენ ყველამ ვნახეთ, დაკითხვაზე შესვლამდე ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები და შესვლის შემდეგ გაკეთებული განცხადებები. ეს იყო მორიგი ქარიშხალი ჭიქაში, ეს იყო მორიგი სპეკულაცია.
სამწუხაროა, ის, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა“, - აღნიშნა ფაღავამ.
ცნობისათვის, პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.




