ჩვენ ჩამოვშლით რეჟიმს და ამ ქვეყანაში არ გვეყოლება პოლიტპატიმრები, შევძლებთ თავისუფალი, ერთიანი საქართველოს აშენებას, –  ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრმა, თენგო თევზაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

თენგო თევზაძის თქმით, ციხეში და პოლიტიკურ დევნაში მყოფი პოლიტიკური ლიდერების გარეშე არჩევნები ვერ იქნება თავისუფალი.

„აქ მყოფ ადამიანებს მინდა, გითხრათ და გკითხოთ, ემიგრანტების გარეშე, ჩვენი თანამემამულეების გარეშე არჩევნები იქნება სამართლიანი? მინდა, გკითხოთ, ჩვენი პოლიტიკური ლიდერების გარეშე – ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, მიშას გარეშე, ლევანის გარეშე, სხვების გარეშე არჩევნები იქნება სამართლიანი? მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ პოლიტიკოსები, რომლებიც არიან პოლიტიკურ დევნაში. მამუკა ხაზარაძის, გახარიას გარეშე არჩევნები იქნება თავისუფალი? ასევე, არჩევნები იქნება თავისუფალი დამკვირვებლის გარეშე? ბიძინა ივანიშვილის გარეშე ხომ იქნება არჩევნები თავისუფალი? გაუმარჯოს საქართველოს ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ჩვენ ჩამოვშლით ამ რეჟიმს. ჩვენ ჩამოვშლით ამ რეჟიმს და ამ ქვეყანაში არ გვეყოლება პოლიტპატიმრები, არ გვეყოლება ემიგრაციაში ამდენი წასული ადამიანი და შევძლებთ თავისუფალი, ერთიანი საქართველოს აშენებას. მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება. მივესალმები 450 დღე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს. პროტესტი გრძელდება მთელი ძალით, გადავდივართ შეტევაზე“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.