გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი დღე, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ გენერალურმა მდივანმა, თენგო თევზაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„პირველ რიგში, ჩვენ, ოპოზიციის ალიანსმა და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ხმამაღლა ვთქვით, რომ ის ორწლიანი პროტესტი, რომელიც არის უწყვეტი, მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად წინააღმდეგობისა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ჩაკლას პროტესტი ამ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქმის პროცესში მყოფი რამდენიმე ათასი ადამიანია დაჯარიმებული და წარმოიდგინეთ, ეს რამხელა მასშტაბია აქცია-მანიფესტაციებში მონაწილეობის გამო, მიუხედავად ამ ყველაფრისა, გუშინ ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა მშვიდობიანად. ამ ადამიანებმა მთავარი გზავნილი უთხრეს პირველ რიგში, ქართველ ხალხს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ტელევიზიიდან ადევნებდნენ თვალყურს პროტესტს, რომ პროტესტი ცოცხალია, წინააღმდეგობა გრძელდება, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდება, გრძელდება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა. ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს მიზანს“, – განაცხადა თევზაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა კმაყოფილი აქციის მონაწილეთა რაოდენობით, თევზაძემ აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა, ოპოზიცია კმაყოფილია“.
„პირველში რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ მიუხედავად ამ რეპრესიებისა, მუქარისა, შიშისა და ძალმომრეობისა, რომელიც არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, რაც ყოველდღიურობად იქცა და, რასაც უკვე შევეგუეთ, მოვიდნენ აქციაზე. დღეს ვნახეთ მაგალითად, რა მოხდა გორში და ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა სამწუხაროდ, ჩვენ რეალობაში. მიუხედავად ამისა, ადამიანები გამოვიდნენ ქუჩაში და გააპროტესტეს. ეს არის ორწლიანი გამძლეობის ბრძოლა. ავტორიტარულმა რეჟიმმა გააკეთა ყველაფერი, რაც შეიძლება, გააკეთოს და ბოლოს ნახეთ, რომ სოციალური ქსელების შეზღუდვამდე და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდამდეც კი მიდიან. რაც შეიძლება, გააკეთოს რეჟიმმა, ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხალხი ქუჩაშია და იცით, რატომ არის ხალხი ქუჩაში? იმიტომ არის ხალხი ქუჩაში, რომ ისინი ხედავენ, რეჟიმი რომ ძალადობრივი გახდა. ეს ერთი, მეორე, საქართველოს მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს და ვისი ამომრჩეველიც არ უნდა იყოს, რამდენიც არ უნდა ჰქონდეს ხელფასი, მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ფენას წარმოადგენს ამ ქვეყნის, მდიდარია თუ ღარიბი, როცა აღებს მაცივარს, ხედავს, რომ ამ მაცივარში ის პროდუქტი, რომელიც წინა თვეს ეწყო, დღეს აღარ არის, რადგან ფასები არის გაზრდილი”, – განაცხადა თევზაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად ერთიანია ოპოზიცია სამოქმედო გეგმის გარშემო, რადგან ალიანსში არის ცხრა პარტია და თუ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ კრიტიკული პოსტს გავითვალისწინებთ, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი უკმაყოფილოა, თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ ეს არ არის პარტია „ახალის“, ან ალიანსის რომელიმე წევრი პარტიის კრიტიკა.
„უახლოეს დღეებში გექნება შეხვედრა ალიანსის წევრებს და ალბათ, გავიგებთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პოზიციას, რას გულისხმობდა. შეიძლება, საერთოდ საკუთარი პარტიის მიმართ ჰქონდა ეს პრეტენზია. მათ შორის, მოვისმენთ ხედვასაც“, – განაცხადა თევზაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესებში ჩართული იყო.




