თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფ თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა.
თენგიზ შარმანაშვილმა თავდაცვის ძალების ოფიცრებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, კომიტეტის კანონშემოქმედებითი პროცესი და მის მიერ განხორციელებული საზედამხედველო ფუნქციები გააცნო.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კოლეჯის მსმენელებს ინფორმაცია მიაწოდა პარლამენტის მიერ მიღებულ „თავდაცვის კოდექსზე“ და ყურადღება იმ სიახლეებზე გაამახვილა, რასაც აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო კომიტეტს თავდაცვის ძალებთან ასეთი მჭიდრო კონტაქტი აქვს. ჩვენ ყოველწლიურად ვხვდებით თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს, რომლებიც მაღალი რანგის ოფიცრები არიან. შეხვედრაზე, ინტერაქციულ რეჟიმში მოვისმინეთ მათი ხედვა და ინტერესები. უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტი მხოლოდ საპარლამენტო შეხვედრების ფორმატში არ თანამშრომლობს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან, ჩვენ ხშირად ვსტუმრობთ სამხედრო ნაწილებს და ეს კონტაქტი მუდმივად არსებობს“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეხვედრის დასასრულს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კოლეჯის მსმენელებს სამახსოვროდ საქართველოს კონსტიტუცია გადასცა.