ვინც გაბედავს და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯს გადადგამს, საქართველოს ეკონომიკურად და პოლიტიკურად დააზარალებს, ადრე თუ გვიან, მართლმსაჯულება მიაკითხავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ  ხელს არავინ არავის დააფარებს, რა დონის ადამიანებიც არ უნდა იყვნენ საქმეში გარეული.

„ფაქტი ძალიან მძიმეა. თანხების ის რაოდენობა, რომელზეც პროკურატურამ გვაცნობა, გონების მიღმაა, რადგან ასტრონომიული თანხებია. ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ჩვენთვის ამ საკითხის საჯაროდ გამოტანა პოლიტიკურად საზიანოა, მაგრამ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, რადგან ვინც გაბედავს და კანონის საწინააღმდეგო ნაბიჯს გადადგამს, საქართველოს ეკონომიკურად და პოლიტიკურად დააზარალებს, ადრე თუ გვიან, მართლმსაჯულება მიაკითხავს, ეს ჩვენი სტილია. ვერ შეგვაჩერებს მოსაზრებები იმის შესახებ, ეს ჩვენ პოლიტიკურად ხომ არ დაგვაზიანებს. კანონსაწინააღმდეგო ქმედების ყველა ჩამდენი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. დანაშაული ვისი ხელშეწყობით, როგორ და რა ფორმით ჩაიდინეს, ამას პროკურატურა გვაცნობებს. აქ მიჩქმალვას ადგილი არ ექნება და თან აზრიც არ ექნება, რომ მიჩქმალო. არცერთი ფაქტი არ იქნება მიჩქმალული, რა დონის ადამიანებიც არ უნდა იყვნენ ამაში გარეული, ხელს არავინ არავის დააფარებს და ქართველ ამომრჩეველს არავინ არაფერს არ დაუმალავს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.