ჩვენი გამოსაკვლევი პერიოდია 2003-2012 წლები, ასევე განმარტებითი ბარათი ამ საპარლამენტო აქტის გვავალებს, რომ ჩვენ შევაფასოთ რეჟიმი. ახალი თაობა, არაერთი მათგანი უკვე იმ ასაკშია, რომ არ შესწრებია იმ რეჟიმს, ამიტომ მათთვისაც კეთდება ეს და მათ ექნებათ დოკუმენტი ხელში, რომელსაც გადაიკითხავ და მარტივად მიხვდები 2003-2012 წლებში ვინ მართავდა და როგორ მართავდა საქართველოს, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მისივე თქმით, კომისიას აქვს კონკრეტული დავალება და მანდატი, რომელიც მას პარლამენტმა განუსაზღვრა.

„ასევე, დავალება, რაც ჩვენ პარლამენტმა მოგვცა არის რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შეფასება. საზოგადოებამ ისიც უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გვაქვს სამი თვე, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ დამატებითი სამი თვით, ანუ ჯამში ჩვენ 6 თვეზე მეტი ვერ ვიმუშავებთ, ასეთია კანონი. ამ პერიოდში ჩვენ უნდა შევადგინოთ დასკვნა. ჩვენ ჩვენით ვერავის ვაკავებთ და არ ვასამართლებთ. ჩვენ ვართ საპარლამენტო დროებითი ორგანო, თუმცა, ამ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება მკაცრად. თუ ჩვენს მოთხოვნას არ შეასრულებ მავანი: არ წარმოადგენს დოკუმენტს ან არ გამოცხადდება, ეს ქმედება არის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი. აქ არის სასჯელები - ჯარიმა ან პატიმრობაც კი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა უკვე დაიწყო.