ყურადღებით უნდა იყოს ის ადამიანი, ვისაც დესტრუქციული, რადიკალიზებული ოპოზიცია მიმართავს, რომ ჩაერთოს ამა თუ იმ პროცესში, იქნება ეს ხელოვანი თუ სხვა ადამიანი, სხვა სფეროს წარმომადგენელი. მათ უკვე სახიფათო თამაში აქვთ წამოწყებული და ჩემი ქვეყნის არცერთ შვილს არ ვუსურვებ, რომ უნებლიედ აღმოჩნდეს ამაში ჩართული, -  ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„არ მგონია, რომ დღეს საჭიროა, იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, თანამშრომელი, მთავრობის წევრი ან იყო ხელისუფლებაში, რომ ძალიან მარტივად ამოიცნო მიზანი, პროცესების დინამიკა, რომელიც ჩვენს თვალწინ ვითარდება. როგორც ჩანს, გარკვეულმა ძალებმა არჩევნებამდე მრავალი თვით ადრე დაიწყეს ვითარების დაძაბვა, ვინაიდან ისინი უკვე აშკარად, თვალში საცემად გადიან დემოკრატიული, კონსტიტუციური პროცესიდან, აღარ ესწრებიან „მინისტრის საათის“ ფორმატში გამართულ სხდომებს, უარს ამბობენ საკუთარი ამომრჩევლის სახელით დასვან მთავრობის წინაშე მწვავე კითხვები, იქონიონ ჩვენთან მწვავე დიალოგი და გაგვაკრიტიკონ, მოისმინონ პასუხები. როგორც ჩანს, მათ ეს კონსტიტუციური ნორმალუტი, პოლიტიკური პროცესი აღარ აწყობთ, აღარ მოსწონთ და სავარაუდოდ სხვა გეგმები უნდა ჰქონდეთ. ეს დევს ზედაპირზე. დღეს სახიფათო ვითარება არ არის, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ მრავალჭირგამოვლილი ქვეყანა, ერი, რომ ვიყოთ ფრთხილად, არ ავყვეთ მათ უპასუხისმგებლო განცხადებებს, პროვოკაციებს, რომლებსაც, როგორც თავადვე ამბობენ, არც კი მოერიდებიან.

ყველაფერი იქნება მშვიდობიანად, სტაბილურად, კარგად, მთავარია, მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ ისინი, ვისაც გვაქვს გონება, ვისაც აბარია პასუხისმგებლობები. ყურადღებით უნდა იყოს ასევე ის ადამიანი, ვისაც დესტრუქციული, რადიკალიზებული ოპოზიცია მიმართავს, რომ ჩაერთოს ამა თუ იმ პროცესში, იქნება ეს ხელოვანი თუ სხვა ადამიანი, სხვა სფეროს წარმომადგენელი. მათ უკვე სახიფათო თამაში აქვთ წამოწყებული და ჩემი ქვეყნის არცერთ შვილს არ ვუსურვებ, რომ უნებლიედ აღმოჩნდეს ამაში ჩართული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.