ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა დიდი ძალა და წინააღმდეგობა აჩვენეს, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, განათლების რეფორმა არ ეფუძნება არც კვლევას, არც ანალიზს და გადაწყვეტილებები ქაოტურად მიიღება ერთი-ორი ადამიანის მიერ.
„ეს გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ განათლების რეფორმა არ ეფუძნება არც კვლევას, არც ანალიზს და გადაწყვეტილებები ქაოტურად მიიღება ერთი-ორი ადამიანის მიერ. ეს ყველაფერი აზიანებს ქვეყნის ახალგაზრდობას, განათლების სისტემას. მთავარი გამოწვევაა განათლების ხარისხი და ეს რეფორმა განათლების სისტემის გაზრდას არ ემსახურება. „ოცნება“ ვერცერთ კვლევას და ადამიანს ვერ ასახელებს, რომელიც ამ რეფორმის შემუშავებაში იყო ჩართული. ამ რეფორმის მიზანია, აკადემიური თავისუფლების გაქრობა, კორუფციული მიზნები და ქუთაისის უნივერსიტეტის გადარჩენა“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ტექნიკური ფაკულტეტები, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები კი მილევად რეჟიმში იქნება.







