„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ უცხოეთში ვიზიტებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.
“გერმანიაში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციას მომართა 12 ივლისს, 3 აგვისტოს ვიზიტზე ეთქვა უარი. სხვა ქვეყნებზეც მარტივად და გასაგებად დავწერ:
ბელგიის სამეფო - 4 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
ბულგარეთის რესპუბლიკა - 4 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
დანიის სამეფო - 8 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
არაბთა გაერთიანებული საამიროები -10 აგვისტოს მიმართა - 14 აგვისტოს უარი ეთქვა;
ისრაელის სახელმწიფო - 8 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
პოლონეთის რესპუბლიკა - 4 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
შვეიცარიის კონფედერაცია - 16 აგვისტოს მიმართა - 22 აგვისტოს უარი ეთქვა;
ჩეხეთის რესპუბლიკა - 8 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
უკრაინა - 19 ივლისს მიმართა - 3 აგვისტოს უარი ეთქვა.
ანუ მიღებული ჰქონდა უარი და მაინც წავიდა!
ის კი არა, რომ იცოდა უარს ეტყოდნენ,
მთავრობის ადმინისტრაციის ცალსახა უარის მიუხედავად მაინც წავიდა!
კიდევ არის კითხვები, ვფიქრობ არა!” - წერს მეგრელიშვილი.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში გაემგზავრა. ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: "31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად."
მოგვიანებით კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას უპასუხა, რომ სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა წლის ბოლომდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ვიზიტზე.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზედაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად.
ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე.
სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე.
შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა." - ნათქვამია მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაში.