„სირცხვილია“ არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი მაქვს მეც – სირცხვილია, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თამარ კორძაია მოძრაობა „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას დარეგისტრირდნენ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, არ იყოს იმედის მომცემი, მაგრამ ბრძოლა ისევ გაგრძელდება.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ იბრძვის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იმისათვის, რომ საქართველო დაადგეს რუსეთის გზას. ჩვენთვის ძალიან მძიმეა იმის ყურება, როგორ აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოც კი, პროცესუალურად არაუფლებამოსილ პირს უფლებას, გამოხატოს თავისი პოზიცია კანონის დასაშვებობასთან დაკავშირებით, წარმოებასთან, შეჩერებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, არ იყოს იმედის მომცემი, მაგრამ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი სპეციალისტი, მოწვეული წარმომადგენელი, მეცნიერულად აუხსნის საქართველოს პარლამენტის წევრებს იმას, რომ უცხო ნამდვილად არის „უცხო“. ასევე იმას, რომ ამ კანონში არის მასტიგმატიზირებელი ტერმინოლოგიები და ამ ტერმინოლოგიით კანონის შემოღებამ, შესაძლოა, შეუქცევადი ზიანი მოიტანოს. იმედი მაქვს, რომ ამ მეცნიერულ მოსაზრებებს კონსტიტუციური სასამართლო სხდომაზე ყურადღებით მოეკიდება“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.