პარლამენტის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ არანაირი არგუმენტი მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მოვისმინეთ კანონის ტერმინების ისეთი განმარტება, რომელიც გონივრულ ფარგლებში არ ჯდება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან განაცხადა.
კორძაიას თქმით, „სასიცოცხლო ხდება კვალიფიციური, მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონში თითოეული ტერმინი არის ნეგატიური“.
„დღეს ჩვენ სასამართლო პროცესზე სპეციალისტის სახით წარმოვადგენთ მეცნიერს, რომელიც დაასაბუთებს, რომ ტერმინოლოგიურად ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური დატვირთვის მატარებელია. ამას გარდა, დღეს დაიკითხებიან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, მაგრამ ცალსახად მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ისინი ისაუბრებენ მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე და არ აქვთ უფლებამოსილება, ისაუბრონ ნორმის კონსტიტუციურობასთან მიმართებით. ამიტომ მათი გამოკითხვა არ არის არსებითი ჩვენს განხილვაში. სამწუხაროდ, გუშინდელი არაკვალიფიციური განმარტებების შემდეგ, დღეს უფრო სასიცოცხლო ხდება კვალიფიციური, მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ ამ კანონში თითოეული ტერმინი არის ნეგატიური“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.