"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, არ იყოს იმედის მომცემი, მაგრამ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას, მოწვეული გვყავს სპეციალისტი, რომელიც მეცნიერულად აუხსნის დეპუტატებს, რომ "უცხო" ნიშნავს "უცხოს", - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თამარ კორძაია.
"ჩვენ ვხედავთ, როგორ იბრძვის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იმისათვის, რომ საქართველო დაადგეს რუსეთის გზას.
ჩვენთვის ძალიან მძიმეა იმის ყურება, როგორ აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოც კი, პროცესუალურად არაუფლებამოსილ პირს უფლებას, გამოხატოს თავისი პოზიცია კანონის დასაშვებობასთან დაკავშირებით, წარმოებასთან, შეჩერებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ.
ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, არ იყოს იმედისმომცემი, მაგრამ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი სპეციალისტი, მოწვეული წარმომადგენელი, მეცნიერულად აუხსნის საქართველოს პარლამენტის წევრებს იმას, რომ უცხო ნამდვილად არის "უცხო".
ასევე იმას, რომ ამ კანონში არის მასტიგმატიზირებელი ტერმინოლოგიები და ამ ტერმინოლოგიით კანონის შემოღებამ, შესაძლოა, შეუქცევადი ზიანი მოიტანოს. იმედი მაქვს, რომ ამ მეცნიერულ მოსაზრებებს კონსტიტუციური სასამართლო სხდომაზე ყურადღებით მოეკიდება", - განაცხადა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში, განმწესრიგებელ სხდომაზე, უკვე მესამე დღეა განიხილავს რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით შეტანილ სარჩელს, რომელსაც ხელს პარლამენტის 38 წევრი და არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ.