ქალბატონი ნატო ძალიან ცუდად მანიპულირებს - შეთანხმებას რაც შეეხება, ეს იყო მხოლოდ საუბარი დარბაზში, ვერსიები იყო, სადაც ვეუბნებოდით, რომ 5 თქვენ თქვით, 5 ჩვენ ვთქვათ, არავითარი 3:2-ზე არ იყო საუბარი, ბევრი ვერსია იყო ფორმულაზე შეთანხმების. ამაზე შეხვედრაც კი არ შედგა, არავითარი შეთანხმება არ ყოფილა და ნუ იტყუება ქალბატონი ნატო. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში განაცხადა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესისას პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შესახებ მმართველ პარტიასთან შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ოპოზიციის მხრიდან გაიჟღერა შეთავაზებამ, რომ „ქართულ ოცნებას“ აერჩია მისთვის სასურველი 5 და ოპოზიციასაც მისთვის სასურველი 5 კანდიდატი და შემდეგ 10 კანდიდატის კვალიფიკაციის შესახებ პუნქტობრივად ემსჯელათ.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების საკითხი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური თემა სასამართლო სისტემის რეფორმასთან მიმართებით, 12- პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილში და 7 თვეა ტრიალებს თემა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 5 წევრის არჩევა კვორუმსაც კი ვერ ცვლის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 5 დამოუკიდებელი ადამიანი შევიდეს. იგულისხმება, რომ მათი დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იქნება ღია, საჯარო მოლაპარაკებებით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის და ამის შემდეგ ორმაგი 2/3-ის გადაწყვეტილებებით გავანეიტრალოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მძლავრი უფლებამოსილება, ამაზე 7 თვეა ვსაუბრობთ. ოპოზიციისთვის, რაც გუშინ მოხდა, იყო მოულოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა იყო ფარული, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, გაგვეგო, ვინ გააკეთა ეს და ვინ მისცა ხმა, რადგან როდესაც ჩვენ დაუსრულებლად ვსაუბრობთ სასამართლო სისტემის რეფორმაზე და იქ არსებული „კლანის“ დაშლაზე, ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება და მერე ამისთვის ფასის დაგდება, თითქოს რა მოხდა ასეთი, ეს უკვე არასერიოზულია. რომელ კანდიდატს იცნობს ქალბატონი ნატო და რომლის კვალიფიკაციას დაადასტურებს, რომელსაც მხარი დაუჭირა? ჩვენი შეთავაზება უმრავლესობისთვის იყო, რომ მათ შეერჩიათ საკუთარი შეხედულებით ყველაზე კვალიფიციური 5, ჩვენ შევარჩევდით ჩვენი შეხედულებით ყველაზე კვალიფიციურ 5-ს და მერე გაგვევლო ეს 10 ადამიანი ცალ-ცალკე პუნქტობრივად.
ქალბატონი ნატო ძალიან ცუდად მანიპულირებს - შეთანხმებას რაც შეეხება, ეს იყო მხოლოდ საუბარი დარბაზში, ვერსიები იყო, სადაც ვეუბნებოდით, რომ 5 თქვენ თქვით, 5 ჩვენ ვთქვათ, არავითარი 3:2-ზე არ იყო საუბარი, ბევრი ვერსია იყო ფორმულაზე შეთანხმების. ამაზე შეხვედრაც კი არ შედგა, არავითარი შეთანხმება არ ყოფილა და ნუ იტყუება ქალბატონი ნატო. თვითონ ამბობს, რომ ჩატებში ჩასახედად თურმე არ ეცალა, უკაცრავად, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი პარლამენტში არ არის. შეთანხმება არ შემდგარა და ნუ იტყუება - ეს არის სამარცხვინო ტყუილი, რაც ქალბატონმა ნატომ თქვენთან გაახმოვანა და შესაბამისად, რაზეც არ მომხდარა შეთანხმება, ის არ უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმებული იყო, რომ მხარს არ დაუჭერდნენ საბჭოს კანდიდატებს, თუმცა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ კანდიდატს. რის გამო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.