ელჩმა თქვა, რომ მაღალი რანგის შეხვედრები აღარ ექნება ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ფაქტობრივად „პერსონა ნონ გრატებად“ არიან მიჩნეული ჩვენი მთავრობის წევრები, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალ სტუდია“ განაცხადა.
მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან წინასაარჩევნოდ არ გაკეთდებოდა მკაცრი განცხადებები, რომ არა "ქართული ოცნება“, რომელიც ვაჭრობს სიტყვა - „ევროპით“, იტყუება და ამბობს, რომ თითქოს „მაინც მიდის ევროპისკენ“.
„უბრალოდ აღარ არსებობს არანაირი თანამშრომლობის სივრცე ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის. ჩვენ ეს ვიცით და ისიც კი მოვისმინეთ, რომ ელჩმა თქვა, მაღალი რანგის შეხვედრები აღარ ექნება ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ფაქტობრივად, „პერსონა ნონ გრატებად" არიან მიჩნეული ჩვენი მთავრობის წევრები.
ევროპარლამენტში დებატების აუცილებლობა იმან გამოიწვია, რომ „ქართული ოცნება“ თავის კამპანიაში ჯერ კიდევ ამბობს, რომ მიდის ევროპისკენ და პლაკატებზე უწერია, რომ „მხოლოდ ევროპისკენ“. ეს ძალიან შეცდომაში შემყვანია, არასწორია და ტყუილია...
ევროკავშირი ელაპარაკება ქართველ ხალხს, ისინი აღარ ელაპარაკებიან საქართველოს ხელისუფლებას. წინასაარჩევნო პერიოდში არ გაკეთდებოდა ასეთ განცხადებები, რომ არა „ქართული ოცნება“, რომელიც ვაჭრობს სიტყვა ევროპით, იტყუება და ამბობს, რომ თითქოს მიდის მაინც ევროპისკენ, ევროკავშირს სურს, რომ რაც შეიძლება მკაფიოდ გაგვაგებინოს, რომ ეს არის სიცრუე“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.