კითხვები მაქვს იმ სკანდალურ ინფორმაციაზე, რომელიც ნინო ლომჯარიას, გიორგი ბურჯანაძეს და გიორგი გახარიას ერთობლივ სპეცოპერაციას ეხება, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
„არის თუ არა სიმართლე ის, რომ 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, მაშინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ყოფილ შსს მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად, 20 ივნისის ღამის დარბევის დაგეგმვას ესწრებოდნენ? როგორც ითქვა, ისინი ერთ კაბინეტში იყვნენ და თვალყურს ადევნებდნენ რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს.
და რაც მთავარია, ნინო ლომჯარია და გიორგი ბურჯანაძე თურმე იქ იმყოფებოდნენ, როდესაც გახარიამ მიტინგის დარბევის ბრძანება გასცა.
ეს სკანდალური კითხვები სამ პიროვნებას ეხება და ვითხოვთ მათგან პასუხებს, დაადასტურონ ან უარყონ ეს ინფორმაცია. ეს სერიოზული ბრალდება და სერიოზული სკანდალია იმ ხალხისთვის, ვისაც ეგონა, რომ ნინო ლომჯარია და ბურჯანაძე მათ უფლებებს იცავდნენ, თურმე მათ წინააღმდეგ, გახარიასთან ერთად სპეცოპერაციას გეგმავდნენ.
პოლიტიკურ კულისებში ბევრი რამ იმალება. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი ფაქტებიც კი, რომელთა გამოაშკარავებამაც შესაძლოა საზოგადოებრივი აზრი ერთ წამში შეცვალოს. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება, თუკი მტკიცებულების საფუძველზე, ნინო ლომჯარია და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე არ უარყოფენ ამ ფაქტს.
დღეს ორმაგი სტანდარტებით თამაში, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოვლენაა საერთაშორისო პოლიტიკაში და ქართულ ოპოზიციაშიც. ეს ის სტანდარტია, ცალი ხელით რომ დემოკრატიის დროშას აფრიალებ და მეორე ხელით ფარდას წევ დარბევისთვის განწირული ხალხის საყურებლად.
მაინც, რა მოხდა 2019 წლის 20 ივნისის ღამეს გარდა იმისა, რომ გავრილოვმა და ელენე ხოშტარიამ წინასწარ კარგად მომზადებული სპექტაკლი გვაჩვენეს?, - აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.