„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციის მხრიდან ახალ კანონპროექტზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო დასავლეთის კურსით მიდის და იქ მოქმედი ყველა წარმატებული კანონის ანალოგია უნდა შეიქმნას ქვეყანაში.
„ჩვენი პოლიტიკური განაცხადი დასავლური კურსია და ვალდებული ვართ, იქ მოქმედი ყველა ყველა წარმატებული კანონის ანალოგია შევქმნათ ქვეყანაში. კონკრეტული კანონპროექტი ამერიკის სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და თუკი გვსურს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაც დაცული იყოს ამ მხრივ, მაშინ უნდა მივბაძოთ.
ვერ გავიგე ჩვენი ოპოზიციის, როდესაც სჭირდებათ, ამერიკის არიან და როცა სჭირდებათ - რუსეთის?
მოკლედ, ქართული ოპოზიცია კიდევ ერთხელ გაიხლართა დროსა და სივრცეში და გამოსავლის საპოვნელად, ისევ ბიძინა ივანიშვილს მიადგნენ, თურმე ეს კანონპროექტი არა „ხალხის ძალის“, არამედ ბიძინა ივანიშვილის იდეა ყოფილა. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ამით მის პოპულარიზაციას ეწევიან?
რაც შეეხება კონკრეტულ კანონპროექტს, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მით უმეტეს დღეს, როდესაც ქვეყანა დიდი ყურადღების ქვეშ ხვდება ყველა წამყვანი სახელმწიფოსგან. ხვალ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოში სხვა ქვეყნების დაფინანსების შემოდინება და რა ვქნათ მაშინ, ვის მოვთხოვოთ პასუხი, ოპოზიციას თუ ხელისუფლებას, რომელიც ვალდებული იყო ეს ზომები მიეღო? წარმოუდგენელია, ამდენი არ ესმოდეთ, უბრალოდ, თემას იყენებენ ხალხში პანიკის ასაწევად, თითქოს ჩვენი მოძრაობა დემოკრატიას საფრთხეს უქმნის ქვეყანაში. არადა, პირიქით, სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოების სტანდარტებს ვამკვიდრებთ საქართველოში.
ოპოზიციას კი რეალურად იმის ეშინია, რომ ახალი კანონპროექტი სხვა ქვეყნის აგენტებთან ერთად, რუსეთის აგენტებსაც გამოავლენს, ამიტომაც ღელავენ“, - აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.