„ხალხის ძალის“ წევრი, პოლიტოლოგი თამარ ჩიბურდანიძე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანალიზს აკეთებს, სადაც ხაზს უსვამს საქართველოს როლს ახალ გლობალურ პროცესებში და აცხადებს, რომ მოსალოდნელ მრავალპოლუსიან მსოფლიოში პოლიტიკური დატვირთვის ცენტრი ევროპიდან აღმოსავლეთით გადმოინაცვლებს და შესაძლოა ეს ეპიცენტრი საქართველო აღმოჩნდეს.
"ყველა ვხედავთ, რომ მსოფლიოში მოვლენები სწრაფად ვითარდება და ამ მოვლენების ფონზე იკვეთება საქართველოს ახალი როლიც და ადგილიც ჩვენი სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის ჩამოსაყალიბებლად.
გლობალური პოლიტიკა დროთა განმავლობაში იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რომელი ვექტორის სახელმწიფოები იღებენ მართვის სადავეებს. საერთაშორისო პოლიტიკა ძირითადად ორპოლუსიანი იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატები წარმატებით აღწევდა შეექმნა ზესახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯი და მსოფლიო პოლიტიკა ერთპოლუსიანად წარმოეჩინა. პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთი დიდხანს ცდილობდა ლიდერი სახელმწიფოს როლი მოერგო, რასაც თითქმის მიაღწია კიდეც ისევ დასავლეთის გააზრებული ქმედების თუ შეცდომების ხარჯზე. პოსტსაბჭოთა რუსეთი ისეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა, როგორიც უკრაინის ომამდე. აგვისტოს ომის შემდეგ იმის ნაცვლად, რომ რუსეთისთვის შეეზღუდათ მთელი რიგი უფლებები, პირიქით მოხდა, ის უპრეცედენტოდ გაძლიერდა.
დღეს დასავლეთი რუსეთის დაუსჯელობას შეცდომად მიიჩნევს, თუმცა, ამისთვის დაზარალდა საქართველო და ზარალდება უკრაინა. დღეს მათ პოლიტიკურ შეცდომაზე პასუხს საქართველოს სთხოვენ და ფაქტობრივად ომში ჩართვას აიძულებენ. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ოპონენტების მიერ დასმული კითხვები, თუ რაში სჭირდება დასავლეთს მეორე ფრონტის გახსნა, რომელიც კიდევ უფრო მეტი ტვირთია მისთვის, თითქოსდა დამაჯერებლად ჩანს.
სინამდვილეში კი ჩანაფიქრი ალბათ სულ სხვაა: მაგალითად, თუკი საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნება, ეს მომგებიანი იქნება არა მხოლოდ სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით ან ხელისუფლების წინააღმდეგ რევოლუციის დასაწყებად, არამედ იმითაც, რომ საქართველოს ეკონომიკა დაღმასვლას დაიწყებს, ინვესტორები ქვეყნიდან გავლენ და რაც მთავარია, ახალი სამხრეთ-აღმოსავლეთის გაძლიერებული სახელმწიფოები საქართველოში ინტერესებს შეწყვეტენ. ომისშემდგომი ქვეყნის აღდგენას მინიმუმ 30 წელი დასჭირდება, თუ იმ პრინციპით მივუდგებით - „ვინც ანგრევს, ის აშენებს და ქონება მშენებელს რჩება“, საქართველო დასავლეთის საკუთრება და არა პარტნიორი გახდება. ამით კი სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნები საბოლოოდ განდევნილი იქნება კავკასიის შუაგულიდან.
დღეს დასავლეთის შიში საქართველოში რუსეთის გაძლიერება კი არა, არამედ სახრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნების და კერძოდ, ჩინეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გაძლიერებაა. რუსეთთან პოლიტიკური გარიგებები დასავლეთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა როგორც ჩანს, ახალ ლიდერ სახელმწიფოებთან ურთიერთობაა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირველად გამოიყენა ღიად ხისტი მესიჯი „ავტორიტარული ჩინეთი“, რომლის მიღმაც მთლიანი პოლიტიკა იკითხება. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და სამხედრო ალიანსებს განსაკუთრებით აღელვებთ ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც მათი ერთპიროვნული ლიდერობა მთავრდება და სამყარო კიდევ უფრო საინტერესო, პოლიტიკურად მრავალპოლუსიანი ხდება.
მრავალპოლუსიანი მსოფლიოს პოლიტიკური დატვირთვის ცენტრი ევროპიდან სამხრეთ აღმოსავლეთით გადმოინაცვლებს და სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ ეს ეპიცენტრი საქართველო აღმოჩნდეს, რომელიც ისედაც არის გეოპოლიტიკური კარიბჭე. მრავალპოლუსიან სამყაროს პოლიტიკური დატვირთვის და ამასთანავე, ბალანსის ცენტრი სჭირდება. თუ გონივრულად მივყვებით მოვლენებს და საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე შეძლებს მშვიდობის შენარჩუნებას, ეს ალბათობა რეალური გახდება. აქედან გამომდინარე, დასავლეთის ინტერესები კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოში და პარალელურად გაიზრდება ზეწოლაც მათი მხრიდან ერთპიროვნულ მმართველობაზე.
როდესაც არსებულ რეალობაზე ვსაუბრობთ და ლოგიკურად ვალაგებთ მოვლენებს, მავანნი ცდილობენ ჩვენი საუბარი ანტიდასავლურ რიტორიკას მიაწერონ. სიტყვა „ანტიდასავლური“ უცხოეთიდან შემოტანილი სპინია ეროვნული პოლიტიკის გამტარებლებისთვის ნეგატიური იმიჯის შესაქმნელად. რეალურად კი, საქართველომ დღეს ის პოლიტიკური წონასწორობა უნდა დაიცავს, რაც აუცილებლად დასაცველია ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე.
ეს პოლიტიკური წონასწორობის ფორმულა კი მოიცავს ყველა ვექტორის გათვალისწინებას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა, იქნება საინტერესოდ რთული“, - აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.