ქართული ოცნება რომ სინამდვილეში რუსულია, ეს ალბათ ყველა ოპოზიციონერისგან გაქვთ მოსმენილი.
რაც არ მოგისმენიათ, რაც არსად განხილულა და გააზრებულა ისაა, რას ნიშნავს „რუსული“? - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ერთადერთი ახსნა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართველ ხალხს, გონებრივად და მორალურად დეგრადირებული ოპოზიციონერებისგან ესმოდა ისაა, რომ „ოცნება კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს ეწევა და ამიტომ რუსულია“.
ეს დაშვება ნამსხვრევებად ექცათ კეზერაშვილის და სააკაშვილის „სატელევიზიო კუკლებს“ და ნორმატიულად ფეხის ხმას აყოლილებს.
შედეგად, კიდევ უფრო დიდი კლოუნადა მივიღეთ - ლამის მთელი სატელევიზიო ოპოზიცია ქოცთა მიმიკების წამკითხველად იქცა და საკუთარი თავის დარწმუნება დაიწყო, რომ „ქოცებს სახე ჩამოსტირით, ისეთი სილა გააწნა ევროკავშირმა“.
მე ღრმად მწამს, რომ ქართველი ხალხი გაცილებით უკეთესს იმსახურებს ვიდრე ეს უთავმოყვარეო, უტვინო და უსახური ღორების კოლტია.
ევროპული საქართველო ამ კოლტიდან შორს დგას.
შორს დგას იმიტომ, რომ ღორობას, უწესობას და უტვინობას ჩვენ ვერ და არ შევეგუეთ.
ხოლო საღი აზრი და წესიერება, სიხისტედ და „არაკონსენსუალურობად“ ინათლება და ქართული პოლიტიკიდან იდევნება - ითვლება რომ ღორი უნდა იყო, ქართველ ხალხს რომ მოეწონო, ამ მორალით გაზარდეს აქტივისტებიც - ღორობას და ორტრაკობას „ლ’ავირება“ დაარქვეს, და ესაა სწორიო, ასე ასწავლეს.
სინამდვილეში რას ნიშნავს რუსული? რა არის რუსული?
ქართული ოცნება რუსულია მისი მართვის სტილის გამო, რომელიც ძალმომრეობას ეფუძნება და არა წესებს.
აღმართს ძალა ხნავს და არა წესები.
შესაბამისად სამართალი მისია, ვისაც ძალა აქვს და არა იმის, ვინც მართალია.
ქართული ოცნება რუსულია, იმიტომ რომ მმართველი ძალის წყარო არა ხალხი, არამედ ოლიგარქი ივანიშვილია, რომელსაც შეუძლია პრემიერები წინდებივით ცვალოს, პოლიტიკოსები გააქროს, შემდეგ თავიდან გააჩინოს... მის ნებაზეა და არა ხალხის ნებაზე ვინ დარჩება პოლიტიკაში და ვინ წავა მმართველი პარტიიდან.
ქართული ოცნება რუსულია, იმიტომ რომ ეს პარტია ანგარიშვალდებულია არა ხალხთან, არამედ ოლიგარქ ივანიშვილთან - თუ ოლიგარქ ივანიშვილს აბრაზებ, პოლიტიკაში ვერ დარჩები, ხალხს როგორც არ უნდა უნდოდე.
უფრო მეტიც, თუ ოლიგარქ ივანიშვილზე ცუდი თქვი, გინდ ოთარ იოსელიანი იყო, შენს პანაშვიდზე თვითაქტუალიზაციით კულტურის მინისტრი ვერ დაკავდება.
ქართული ოცნება რუსულია, იმიტომ რომ პირველყოფილი ლოგიკა აქვს - თუ ჩვენ ვავიწროვებთ, ეს ღვთის საჩუქარია. ხოლო თუ ისინი გვავიწროვებენ - ღვთის რისხვა.
ისინი არ აღიარებენ ქრისტიანულ მორალს (რაც ლიბერალურ დემოკრატიას დაედო საფუძვლად), რომ მტერიც იმ წესებით განსაჯო, რითაც საკუთარ თავს და მოყვარეს განსჯი.
ცხადია, გაცილებით გრძლად შემიძლია დავწერო, რატომაა ქართული ოცნება თვისობრივად რუსული, მაგრამ აქ შევჩერდები, რომ მთავარ კითხვამდე სწრაფად მივიდე.
მთავარი კითხვა კი ისაა, რატომ ვერ არწმუნებს მეინსტრიმ ოპოზიცია პროდასავლელ ქართველ ხალხს, რომ ქართული ოცნება სინამდვილეში რუსულია და რატომ ვერ იკრებს საკმარის ძალას, რომ ის შეცვალოს?
ამის მიზეზი მარტივია - მეინსტრიმ ოპოზიციაც რუსულია!
რუსულია, რამდენიც არ უნდა ამტკიცოს საწინააღმდეგო იმიტომ რომ სისტემა, რაშიც ის ფუნქციონირებს რუსულია და ბიძინას ყაიდაზეა აწყობილი.
რუსულია იმიტომ, რომ მათაც პატრონი ყავთ - ბელადი მიშა და ფულის ტომარა კეზერაშვილი. ისინი მათთან არიან ანგარიშვალდებული, რადგან მათ უნდა მოეწონო, იმისთვის რომ საჯაროობა არ შეგიზღუდონ.
მათთან არ მუშაობს მერიტოკრატია - მიშას და კეზერას უნდა ემლიქვნელო და წინ მასე წახვალ. ხალხისთვის რა სიკეთის მოტანა შეგიძლია, სრულიად უმნიშვნელოა.
ამ “ქეთისადევდარიანეთისთვის“
ვალიდურია არა წესები, არამედ ძალმომრეობა.
აღმართს ხნავენ არა წესებით, რომელიც მტრისთვის და მოყვარისთვის ერთია - არამედ პატრონის ფულის ძალით.
ამ ფულით ყიდულობენ ჯიბის ინტელიგენციას, გაწევ-გამოწევენ პოლიტიკოსებს, პატრონს ვინც ეურჩება „უკონტროლო ბაცილად“ ან „ვირუსად” გამოაცხადებ და სუსტი ნებისყოფის ხალხისთვის, მაგალითს შექმნი, რომ პატრონის ურჩობა ისჯება.
ხალხის აზრი უმნიშვნელოა, მთავარია „ატამანს არ აუხირდე“ - ფორმულაზე რომ შევდიოდი, „ქალი რეიტინგი მოვიდაო“ დამძახოდნენ, სანამ მიხვდებოდნენ რომ ამ რეიტინგს მათი პატრონის წესრიგის დასამხობად ვიყენებ.
ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ სწორია.
არამედ იმიტომ, რომ შეუძლიათ.
ეს პირწმინდად რუსულია.
უბრალოდ რუსულობაშიც ლუზერები არიან.
ხალხი კი, როგორც ვაჟა ფშაველა იტყოდა „შაერთებულად ბრძენია“ - ის შეიძლება ვერ ხვდებოდეს, მაგრამ გრძნობს რეალობას ინსტიქტურად, ზუსტად ისე, როგორც ჭიანჭველები ხვდებიან კოლონია როგორ შექმნან, ან გადამფრენი ჩიტები ხვდებიან - სითბოში როგორ გაფრინდნენ.
ამიტომ ჰკიდია ქართველ ხალხს ფეხზე ამათი ჩხავილი, რომ ბიძინა რუსია. ხალხი ხვდება რომ მეინსტრიმ ოპოზიციაც რუსია - უბრალოდ ლუზერი რუსი. ამიტომ ცვლილებებს არ რისკავს და სტატუს კვოში რჩება.
ევროპული საქართველო ძალმომრეობაზე აგებული, რუსული სისტემის ჩამოსანგრევად მუშაობს - როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში და იქამდე უკაკუნებს და გაჭრის ნახვრეტებს, სანამ არ ჩამოანგრევს.
ჩვენ, ქართველებს, გვჭირდება არა ძალმომრეობაზე, არამედ წესებზე დაფუძნებული რესპუბლიკა, წესებზე, რომლებიც ყველასთვის ერთია - გინდ მდიდარი იყავი, გინდ ღარიბი, გინდ თეთრი, გინდ შავი, გინდ მტერი, გინდ მოყვარე , გინდ მორჩილი, გინდ ურჩი - და ჩვენ ამას მივაღწევთ." წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".