მე არ ვუხდი პრეზიდენტს მადლობას.
ეს იყო მისი ვალდებულება.
მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თავადაც ასე ხედავს ვითარებას.
ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ღირსების საკითხი იყო უდანაშაულო კაცის მსხვერპლად შეწირვის არ დაშვება
და არაფერ შუაშია მადლობა. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ქართველი ხალხი იმსახურებს პოლიტიკურ ელიტას, რომელიც იმას აკეთებს, რაც სწორია და ეს არავის უკვირს და აღაფრთოვანებს.
სწორად მოქცევა რუტინად უნდა იქცეს.
ისე ჭაობიდან ვერ ამოვალთ.
(ამიტომ ვითხოვ თავისუფალ კონკურენციას, ვანგრევ უკანმოუხედავად ყველა კედელს და ვანადგურებ ყველა მავნებელს, ვინც თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს და ქართველ ხალხს ართმევს არჩევანს, რომ ის აირჩიოს, ვისაც იმსახურებს.
ამიტომ ჩავყრი ისტორიის ნაგავში საკუთარი ხელით ყველას, ვინც პატრონების მითითებით ქართველებს არჩევანი შეუზღუდა და ინტელექტუალურად დაუბანელი, მოგონილი პოლიტიკოსების ასაგდებად აქცია.
ამიტომ ვთვლი ღირებულებით არარაობად ყველას, ვინც თავისუფალი კონკურენციის, ანუ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის, მტრებს შეეკრა და მათ მოჩვენებით პოლიტიკურ სიცოცხლეს უხანგრძლივებს)." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, შეიწყალა.
შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და 2023 წლის 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა
1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.
2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.