მგონია, მამუკა ხაზარაძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, იმის მიხედვით ჩამოყალიბდება, კალკულაცია როგორ დაუჯდება, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე არჩევნებში მონაწილეობას გადაიფიქრებს, თუ ჩათვალა, რომ ზიანს მეტს იღებს, ვიდრე მოგებას, მაგრამ არ იცის, რა იქნება ის ზიანი, რომელიც მას ამ ნაბიჯის გადადგმას გადააფიქრებინებს.

„ფარსი ვერანაირ ეროვნულ რეფერენდუმად ვერ გადაიქცევა. ის, რასაც ივანიშვილი აპირებს მისი კონტროლის ქვეშ რომ ჩატარდეს 4 ოქტომბერს, ფარსის გარდა, სხვა არაფერი იქნება. „ფედერალისტები“ ამ ფარსის შესახებ კამპანიას ვაპირებთ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ახალი არჩევნებია მოსათხოვი, სადაც მთავრობას შევცვლით, გავატარებთ ეროვნულ რეფორმებს და ჩავატარებთ ისეთ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც რეალურად ემსახურება ადამიანების ბედს და არა პარტიას“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, ეროვნულ ველზე კონკურენციაში ცუდს ვერაფერს ხედავს, მაგრამ, როდესაც ეს ერთობის სადღეგრძელოების ქვეშ ხდება, ძალიან კომიკურია.

„ჩანს, რა ინტერესი შეიძლება, ჰქონდეს ხაზარაძეს, თუ უცებ გადაწყვიტა და თვითმმართველობის არჩევნებში შევიდა. თავადაც იცის, რომ ეს ფარსია. არანაირი თბილისის წართმევაზე არ უნდა გაიქაჩოს, ერთადერთი, რაც შეუძლია, ოპოზიციურ ველზე მოიპოვოს უპირატესობა და სტრატეგიულად ეს მისთვის შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს. ვიწროპარტიული ინტერესების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს არ გამოადგება იმ ბრძოლას, რომელიც მოსაგები გვაქვს, რაც რეალურად ხალხის დაკვეთაა. ეს კრიზისი ხომ მამუკა ხაზარაძეს არ შეუქმნია. არჩევნებში ის შედეგი დადო, რაც დადო, რაზეც იძახა, რომ გაყალბდა. ამის შემდეგ ერთი თვე ეხვეწებოდა ხალხს ქუჩაში გამოდითო და თავისი ამომრჩევლის ერთი პროცენტიც არ გაყოლია. მგონია, ჯერ ჩამოყალიბებული არ არის და იმის მიხედვით ჩამოყალიბდება, კალკულაცია როგორ დაუჯდება. თუ ჩათვალა, რომ ზიანს მეტს იღებს, ვიდრე მოგებას, გადაიფიქრებს, მაგრამ ცდუნება იმხელაა, ამიტომ არ ვიცი, რა იქნება ის ზიანი, რომელიც გადააფიქრებინებს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.