"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, "ნაცმოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილის პროექტის ავტორების აზრით, ქართველის ხალხი ჩამორჩენილია.
"ხაბეიშვილის არქივი პანდორას ყუთი აღმოჩნდა - მე ამდენ ყურადღებას მას არ ვაქცევდი. თურმე რა საზიზღარი ფიგურაა. მისი შეთავაზება პოლიტიკური ძალის ლიდერად, მიუხედავად იმისა ვისში უპირებ მერე შეფუთვას, მხოლოდ ამ იდეის ავტორების დამოკიდებულებას აღწერს ქართველი ხალხის მიმართ.
ხაბეიშვილის პროექტის ავტორების აზრით ქართველი ხალხი ჩამორჩენილი მასაა, რომელსაც ყველაფერი შეგიძლია აკადრო და ფიქრობ, რომ ყველაფერს შეჭამს.
მე მართლა მგონია, რომ დიდ ალიყურს მიიღებენ ამის გამო ხალხისგან." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
2022 წლის 9 ნოემბერს თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, "ნაცმოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული წარმომადგენლობა, პარტიის თავმჯდომარის ვადამდელ არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
საკრებულოს წევრის განცხადებას არაერთგვარი რეაქციები მოჰყვა. "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატიც დასახელდა. მათ შორის იყო მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.
თუმცა, დეპუტატმა 2022 წლის 10 ნოემბერს გააკეთა განცხადება, რომ არ აპირებდა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობას. ზუსტად 6 დღის შემდეგ კი პოზიცია შეცვალა და პარტიის სათავო ოფისში, მაშინ როდესაც პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ქვეყანაში არ იმყოფება, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელშია, განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს.
"ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა რამდენიმე დღის წინ მთხოვეს ენმ-ში შიდა დემოკრატიული არჩევნები, სადაც არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეს ენმ-ის ლიდერებმა, რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელების დიდმა ნაწილმა და საკრებულოს წევრებმა., არჩევნების მზაობა გამოთქვა პარტიის ხელმძღვანელმაც, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შედეგად მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და ენმ-ის მხარდამჭერებს შევთავაზე საკუთარი კანდიდატურა"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია როდის დაინიშნება არჩევნები, რომელიც ბოლოს 2020 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა. სადაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ და პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს.
თავად "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მზად არის, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.