მე არ მიყვარს, როდესაც ადამიანები ღალატობენ ყველა ღირებულებას, თან როდესაც დავრწმუნდები, თორემ ისე არ ვაკეთებ განცხადებებს და ყველაფერი სიკეთე აგიხდეთ, ამ ღალატის დროს, თან უნდათ თანამონაწილე გაგხადონ,  -  ამის შესახებ  პარტია „კანონი და სამართალის“ ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან არსებული უთანხმოების მიზეზებზე საუბრისას გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

„ვერავინ ვერასდროს ვერ გამხდის ჭუჭყიანი სვლის თანამონაწილედ. რა მოლაპარაკებაც იყო ჩემთან სახლში 2018 წელს, ყველაფერს უღალატა, არაფერი შეინარჩუნა. ასევე დაარღვია ყველაფერი გრიგოლ ვაშაძის მიმართ და როგორ ლანძღავდა ბატონ გრიგოლს, ეთერი არ გამოუტოვებია. მე "ტვ პირველში" რომ მოვუსმინე, გაოგნებული დავრჩი როდესაც ბატონ გრიგოლს ლანძღავდა. ჩემთან სახლში რა მოლაპარაკებაც იყო, რა ღირებულებებზეც იყო საუბარი, ყველაფერი მან დაარღვია. ამიტომ, საერთოდაც ვთვლი, რომ როდესაც დააკავეს, მას შემდეგ ცოტა სხვა მდგომარეობაში დაიწყო მან საუბარი. მე არ მინდა განვიხილო, ეს მასზე იყოს, ყველა ვერ უძლებს რაღაცებს. ყოველ შემთხვევაში, მივხვდი, რომ ეს ადამიანი საშიშია გადამწყვეტ ბრძოლაში და არ არის სანდო, მეტი არაფერი. მოვექეცი ისე, როგორც არასანდო ადამიანებს ექცევიან, ეს ჩემი თვისებაა.

ციხეში მყოფ ადამიანთან რომ დამიპირებს ვიღაცა შემარცხვინოს, ამას ჰქვია დიდი ღალატი და მან ისეთი რამ ჩაიდინა ერთი წლის წინ, როდესაც რუსთაველზე თავი მოვიკალით მივიტანეთ გახმოვანება, ყველაფერი. რაც იქ ჩაიდინა,  სხვათა შორის, იმას მერე ხაბეიშვილს უკეთებდა ღია ეთერში, საინტერესო რაღაცაა, მაგრამ ჩემი მორევა იმ მომენტში უფრო იოლი იყო, იმიტომ რომ მე არ ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრი და ბუნებრივია, რომ მისი "მრევლი" ანუ ამომრჩეველი მის თავმჯდომარეს დაემორჩილებოდა, როდესაც ეუბნებოდა რომ არ მიხვიდეთ, ჩვენი აქცია არ არის და ეს იყო აბსოლუტურად ნორმალური ხალხისგან. ახლაც კი, ხაბეიშვილმა რომ თქვა, "ვივამედთან" მივიდეთ უბრალოდ მხარდასაჭერადო, წინა დღეს, "ტვ პირველის" ეთერში გამოვიდა [მელია] და თქვა, რა ვიცი, მიშას არ უნდოდა აქციები და არ მგონია საჭირო იყოსო; დიანა ტრაპაიძე იძულებული გახდა ეთქვა, რომ იცით რა, შეიძლება შეიცვალა მიშამ პოზიციაო. პოლიტიკურ ბრძოლაში ღალატი სხვა კი არაფერი არ არის, ღალატი ეს არის.“ -  განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.