საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ დამფუძნებელი, სოზარ სუბარი, „პოსტივის“ ეთერში საუბრისას, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სენატორებს ბოდიში აქვთ მოსახდელი.

„ინტერვიუ, რომელიც [სენატორებმა] „ამერიკის ხმას“ მისცეს, ძალიან სიმპტომატურია. ერთი რამ მეცნო - „ხალხის ძალაზეც“ ისაუბრეს, პირდაპირ არ ახსენეს, მაგრამ ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკოსი უფროა, ვიდრე ჟურნალისტი, „ხალხის ძალის“ წინააღმდეგ ძალიან აგრესიული იყო. მათ [სენატორებმა] შედარებით შეარბილეს, თუმცა თქვეს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ექსტრემიზმმა მოიმატა. მათ „ხალხის ძალა“ იგულისხმეს... პატივცემულ სენატორებს ბოდიში აქვთ მოსახდელი - „ხალხის ძალის“ განცხადებებსა და ქმედებებში ექსტრემიზმს ვერ იპოვი; ექსტრემიზმია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი, ბატონი კინზინგერი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს დაბრუნებისკენ და ხელისუფლების ძალით დამხობისკენ მოუწოდებს. ესაა ექსტრემიზმი, რომელსაც საქართველოს ყველა მეგობარი უნდა გაემიჯნოს და რომელსაც აშშს-ის ელჩი კელი დეგნანი არც უარყოფს და არც ემიჯნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“.