„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრს მიმართა კითხვით, როდის უნდა დააბრუნონ პატიმარი სააკაშვილი ციხეში.
როგორც სუბარმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელად არის, უკვე რევოლუციებს აანონსებს და პოლიტიკაშის აქტიურად ერთვება.
„ეს კითხვა უკვე დაისვა, მაგრამ გავიმეორებ, რადგან ძალიან ბევრ წერილს ვიღებ ამ საკითხთან დაკავშირებით.
ე.წ. სასწაული უკვე მოხდა - მიხეილ სააკაშვილმა დაძლია კახექსია, დემენცია, დაამარცხა F-კოდები, ანუ ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებულ დაავადებათა ფართო სპექტრი. გასტროენტეროლოგიური დაავადება, თუ რამე არსებობს, მთელმა საქართველომ შეისწავლა ამ კაცის მაგალითზე და ამისგანაც განიკურნა, როგორც ჩანს. ამჟამად ის ჯანმრთელია, უკვე რევოლუციებს აანონსებს და პოლიტიკაშიც აქტიურად ერთვება. კარგად ვიცით, რომ ექიმების დასკვნა არაფერ შუაშია, უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები. მივიღოთ გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს - რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. იქ არის მისი ადგილი. ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს. არც ჯანმრთელობას უჩივის, რასაც კარგად ვხედავთ, მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან და მუქარებიდან“, - განაცხადა სუბარმა.