ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში ყველაზე მაღალ დონეზე დანერგა ზიზღი, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა პირდაპირი ეთერიდან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მისი გათავისუფლების გამო მორალურ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს.

„უბრალოდ, ადამიანს, რომელმაც ის შეიწყალა, საქართველოს პრეზიდენტს მორალური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ მან შეიწყალა ადამიანი, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის ერთ-ერთი დიდი და მთავარი წყაროა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, გვარამია სტრასბურგში სარჩელს თუ შეიტანს იმის თაობაზე, დაირღვა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება მასთან დაკავშირებით, ისევე გამტყუნდება, როგორც „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამტყუნდა.

„სააკაშვილის საქმეს რომ სტრასბურგში წააგებდნენ, ეს ძალიან კარგად იცოდნენ, ამიტომაც არ უნდოდათ წასვლა. უბრალოდ, მართლა ვაიძულეთ ყოველდღიური მოწოდებებით. ბუნებრივია, სტრასბურგმა თქვა სიმართლე, რომ არანაირი წამება და მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემები არ არსებობდა. იყო თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება დარღვეული გვარამიასთან დაკავშირებით – დარწმუნებული ვარ, როგორც „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამტყუნდა გვარამია და მთელი მაშინდელი ოპოზიცია, ისე გამტყუნდება თავის საქმესთან დაკავშირებით. გაბედოს და წავიდეს სტრასბურგში თავის საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.