„ბუნებრივია, ამერიკის ყველა დახმარებისთვის მადლობელი ვართ, თუმცა, 6 მილიარდი ჩვენ ვერ დავითვალეთ, რატომ არის 6 მილიარდი?! გასათვალისწინებელია, რომ ამერიკას 2 მილიარდი დოლარით მეტი დაუჯდებოდა ავღანეთის მისია, ჩვენ რომ მონაწილეობა არ მიგვეღო“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიას განუცხადა. 

მისი შეფასებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთთან არაერთხელ დაუმტკიცებია.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, იმ დაფინანსებებიდან, რასაც საქართველო უცხოეთიდან იღებს, ნაწილი ქვეყანაში მავნებლური ქმედებების განხორციელებაზე იხარჯება.

„სტრატეგიული პარტნიორობა არაერთხელ დაგვიმტკიცებია. ხშირად მომყავს ეს მაგალითი - რაც საქართველოს ავღანეთში გაუკეთებია, ამდენი ნატოს არცერთ წევრ ქვეყანას არ გაუკეთებია. ნატოს ქვეყნებიდან, მხოლოდ სამმა გაგზავნა ავღანეთში ჩვენზე დიდი ჯარი. ეს არ არის უბრალოდ ჯარი, ეს არის ადამიანების სიცოცხლე, ასევე, ადამიანები, რომლებმაც ჯანმრთელობა დაკარგეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებად იქცნენ. გარდა ამისა, ეს არის საქართველოს ბიუჯეტიდან დახარჯული უზარმაზარი თანხები, რაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობისთვის გავიღეთ. სხვათა შორის, ჩვენმა გუშინდელმა სტუმარმა, ბატონმა ო’ბრაიანმა 6 მილიარდის დახმარება ახსენა. ბუნებრივია, ყველა დახმარებისთვის მადლობელი ვართ, თუმცა, 6 მილიარდი ჩვენ ვერ დავითვალეთ, რატომ არის 6 მილიარდი?! - გასათვალისწინებელია, რომ ამერიკას 2 მილიარდი დოლარით მეტი დაუჯდებოდა ავღანეთის მისია, ჩვენ რომ მასში არ მიგვეღო მონაწილეობა. ამას დავუმატოთ რა დაგვიჯდა კოსოვოში, ერაყში ჩვენი მისიები. კიდევ რამდენია ის ფული, რაც მავნებლობებზე იხარჯება, მაგალითად ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაზე, ამ შემთხვევაში შეიძლება უცებ აღმოჩნდეს, რომ იმდენი სამადლობელიც აღარ რჩება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.