როგორც დღეს აღმოჩნდა, სლოვაკეთი იღებს იმის მსგავს კანონს, რომლის მიღებაც მიმდინარე წლის მარტში ჩვენ გვინდოდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ამის გამო სლოვაკეთის ახალ პრემიერზე დაიწყო შეტევა ნარატივით, რომ იგი პრორუსია.
„ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებს რომ ათავისუფლებენ და მათ ნაცვლად თანხას იხდის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, მის დამფინანსებლებს შორის იყო მოხსენიებული USAID-ი, მაგრამ რატომღაც მათი ვებგვერდიდან გააქრეს USAID-ის სახელი. ესეც შეიძლება ჩავთვალოთ იმედად, რომ გადატვირთვა ხდება ჩვენს ურთიერთობებში. ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გადატვირთვა, თუმცა ცოტა ღრმად შევალ ამ თემაში, რადგან კარგად გვახსოვს, აგენტების კანონთან დაკავშირებით რა ხმაურიც იყო. თუნდაც ამ მაგალითიდან კარგად ჩანს, რატომ არ უნდოდათ ამ კანონის მიღება და რატომ ჩაერთო ამ ბრძოლაში USAID-იც, აშშ-ის საელჩოც და არა მარტო საელჩო. რატომ იყო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი უკრაინის ომთან შედარებით უფრო მეტს საუბრობდა აბსოლუტურად უწყინარ კანონზე, რომელიც იყო ამერიკული კანონის ქართულ სივრცეში გადმოტანა? ახლა გასაგებია: არ უნდათ, გამჟღავნდეს მსგავსი თემები. ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტშიც კარგად გამოჩნდა, რასაც კონკრეტულად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს – საზოგადოებას რატომ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, დონორებმა კარგად იციან, რას ვაკეთებთო. სწორედ ამიტომ იყო საჭირო იმ კანონის მიღება და როგორც დღეს აღმოჩნდა, სლოვაკეთი იღებს მსგავს კანონს, რომლის მიღებაც ჩვენ გვინდოდა მიმდინარე წლის მარტში. სლოვაკეთი ვახსენე და სლოვაკეთის ახალ პრემიერზეც ვიტყვი. დაიწყეს კამპანია, რომ ის პრორუსია და ა.შ.“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ „ქვეყანაში პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების მმართველობა სრულდება, უცხოური დაფინანსების მქონე ყველა ორგანიზაცია უნდა იყოს კლასიფიცირებული, როგორც უცხოური აგენტი“.